პასუხისმგებლობა დაკისრებული საქმისადმი - ინტერვიუ ანტონ ვარდიასთან

 ხობის საზოგადოება ძალიან კარგად გიცნობთ, როგორც განათლებულ, პატიოსან, კარგ მეგობარს, მებრძოლი სულის ადამიანს, მაგრამ გთხოვთ, გვიპასუხოთ გაზეთის მთავარ კითხვაზე_ვინ არიას ანტონ ვარდია?

გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის. დღევანდელი გადასახედიდან ვთლი, რომ საინტერსო ცხოვრებით ვიცხოვრე. საჯარო სამსახურში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება დამიგროვდა, აქედან 23 წელი  სამართალდამცავ სტრუქტურებში. ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური ქარტეხილის უშუალო მონაწილე ვარ. ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პოლიციის უფროსი ხობის რაიონში. 

1990 წლის ოქტომბერში საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატობის კანდიდატად ვიყრიდი კენჭს. არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოვხსენი კანდიდატურა, რადგან გამოიკვეთა ეროვნული ძალების გამარჯვების კონტურები და ამით მათდამი ჩემი მხარდაჭერა გამოვხატე. 

ახლახანს მეგობრებმა მომაწოდეს და ფეისბუქ გვერდზე გავაზიარე თქვენს გაზეთში 1990 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული ჩემი  საარჩევნო პროგრამა, საიდანაც ჩანს თუ რა რთული და მძიმე გზა იყო გასავლელი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი ბრძოლაში. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და თითოეულმა ქართველმა უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რადგან გვაქვს მწარე გამოცდილება. გვახსოვს 1991 წლის ბოლოს ქართველებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ და ურთიერთ სიძულვილმა რა მძიმე შედეგები მოგვიტანა და  რამდენად დაგვხია უკან.

ბატონო ანტონ! რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს უპირველესად?..

ადამიანი უნდა იყოს ღვთის მოყვარული. რაც უფრო მეტია უფლისადმი მოწიწება და სიყვარული, მით მეტ სულიერ სიმშვიდეს განიცდი.

თქვენი გამორჩეული თვისებები, როგორ გამოიყენეთ ცხოვრებაში, კმაყოფილი ხართ?

პასუხისმგებლობა დაკისრებული საქმისადმი.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს კურირებთ_ ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს. 

რა არის თქვენი სამსახურის მთავარი დანიშნულება და ფუნქციები, ამჟამად რომელია პრიორიტეტული?

მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას. ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას, წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური ქონების მართვის, სატრანსპორტო რეგულირების, ადგილობრივი მოსაკრებლების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების და სხვა ეკონომიკური აქტივობების შესახებ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას. წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირებისათვის. 

თქვენი ყოფილი სამსახურებიდან, რომელს მოიაზრებთ ყველაზე მნიშვნელოვნად თქვენს კარიერაში?

ერთ რომელიმეს ვერ გამოვყოფდი. ყველა სამსახური მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. სადაც გამორჩეულ პიროვნებებთან მომიწია ურთიერთობებმა და ბევრი კეთილი მოსაგონარი დამიგროვდა.

რომელია თქვენთვის საყვარელი და განტვირთვის ადგილი?

მოგზაურობა. ყოველ კვირას წირვაზე მსახურება. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ეზოში ფიზიკური მუშაობა და ახლობელ ადამიანების გარემოცვაში ტრადიციული ქართული სუფრა.


ვიცი, მიუხედავად დაღლისა, კითხვა ძალიან გიყვართ. ამ ბოლო დროს რა წაიკითხეთ?

წიგნის კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ამისთვის დრო ყოველთვის მრჩება. 

დღეს ჩვენ ძალიან განათლებული ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ისინი ცოდნას ძირითადად ინტერნეტიდან და სმარტფონებიდან იღებენ. მათ ვურჩევდი ნუ მოიკლებენ საინტერსო წიგნის წაკითხვის შემდეგ განცდილ სიამოვნებას. 

ბოლო დროს წავიკითხე ნიჭიერი ქართველი რეჟისორის თემურ ბაბლუანის საინტერესო წიგნი ,,მზე, მთვარე და ხორბლის ყანა“.

ბატონო ანტონ, განათლებული, გამორჩეული პედაგოგების ქეთევან შელეგიას და კარლო ვარდიას ოჯახიდან მოდიხართ, საუკეთესო დედ-მამა გყავდათ. იქნებ მოიგონოთ ის მნიშვნელოვანი რჩევა, რაც ოდესღაც მათგან მიგიღიათ?

ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ. მამაჩემი 40 წელი ჯერ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის, ხოლო შემდგომ ახალი ხიბულის საშუალო სკოლების დირექტორი გახლდათ. მამაჩემს სამთავრობო რეგალიები არ ჰქონდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებში `ხობის საპატიო მოქალაქედ~ აირჩიეს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ სოფლისა და პედკოლექტივის თხოვნით სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

წინა ხელისუფლების მმართველოსბის პერიოდში რეგულაციები შეიცვალა, პიროვნება 20 წლის გარდაცვლილი უნდა იყოს, რომ მისი სახელი მიენიჭოს დაწესებულებასო და ამიტომაც 2006 წლიდან შეჩერებულია აღნიშნული გადაწყვეტილება.

მამაჩემის ერთი რჩევა მახსენდება ყოველთვის. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოინათლა და ეზიარა. მაშინ მითხრა: ,,მე კომუნიზმის ეპოქაში დავიბადე და ვიცხოვრე, მაგრამ ვხედავ, რომ მიუხედავად ათეისტური მსოფმხედველობისა, უფლის არც ერთი მცნება არ დამირღვევიაო~. ამის შემდეგ  მეც ვცდილობ  ასე ვიცხოვრო.

შვილები თქვენი კუმირები არიან. გვიამბეთ მათზე?

_ბედნიერბის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი შვილების კარგად ყოფნაა. გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. მათ ულამაზესი პირველი შვილიშვილი ენი გვაჩუქეს, რომელმაც დიდი ხალისი და პოზიტივი შემოიტამა ბებია-ბაბუას ცხოვრებაში. 

ქეთის კი შერჩეული ჰყავს ცხოვრების თანამგზავრი და მათი ბედნიერების მოლოდინში ვართ.

საზოგადოების ინტერესების დაცვა იყო და მომავალშიც იქნება თქვენი უპირველესი საზრუნავი?

-საზოგადოების ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო ჩემი უპირველესი საზრუნავი. ამისთვის აუცილებელია ხალხის ტკივილი და გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანო და მაქსიმალურად  ეცადო შენზე და  სამსახურზე დამოკიდებული პრობლემები მოუგვარო. 

ბევრი მეგობარი გყავთ, გვიამბეთ მათზე?..

-მეგობრები ის ხალხია, ვინც ცხოვრებას გვილამაზებს, ჭირში და ლხინში ჩვენს გვერდით არიან. ბევრმა მეგობარმა ზეციურ საუფეველში გადაინაცვლა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი. რაც უფრო ასაკში შედიხარ გიგროვდება მეგობრებთან გატარებული დღეების ლამაზი მოგონებები და მეგობრებთან თითოეული მონატრებული შეხვედრა ლამაზ სანახაობად იქცევა.

როგორ ხედავთ თქვენს თავს მომავალში?..

-გარკვეული წლების შემდეგ, პენსიაზე გასული, შვილიშვილების გარემოცვაში ტელევიზორთან როგორც სპორტული გადაცემების მაყურებელი.

საქმე, რომელსაც არასოდეს უღალატებთ?

სამშობლოსათვის ერთგულებას.

კიდევ რაიმე გაქვთ სათქმელი?

ეს მომავალი ინტერვიუსთვის შემოვინახოთ.

მადლობა ინტერვიუსთვის.

ნანი კილასონია
გაზეთი: „ხობის მოამბე“ #6, 5 მაისი 2023 წელი