მეუფე გრიგოლმა ა.შ.შ საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელს, ელჩ კელი დეგნანს უმასპინძლა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ფოთის საეპარქიო სახლში უმასპინძლა მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელს, ელჩ კელი დეგნანს.
ელჩმა დეგნანმა მეუფე გრიგოლს მიულოცა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის (SVOTS) საპატიო დოქტორის წოდება.
შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა. საუბრისას, ასევე, ორმხრივად აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს სამომავლო განვითარების საქმეში.
ელჩმა დეგნანმა ინტერესი გამოხატა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მიმართ.
მეუფე გრიგოლი საუბრისას შეეხო განათლებისა და უსაფრთხოების საკითხებს, რაც დღევანდელობაში ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.
დასასრულს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა ელჩ დეგნანს სტუმრობისთვის; თავის მხრივ ელჩმა დეგნანმა მადლიერება გამოთქვა საეპარქიო სახლში გულთბილი მიღებისთვის.