ბრალდებული ხობის პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს


ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი არსენა მატარაძე აცხადებს, რომ ხობის პოლიციის უფროსი აიძულებდა იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც რეალურად არ ჩაუდენია.

არსენ მატარაძემ ჟურნალისტებს გნუცხადა, რომ 22 სექტემბერს სამართალდამცველებმა მის სახლში, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით სახლში გაჩხრიკეს, რის შემდეგაც ის პოლიციაში გადაიყვანეს.

მატარაძის სიტყვებით, ჩხრეკის დროს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც მამაკაცი აცხადებს, მას პოლიცია პირუტყვის ქურდობაში ადანაშაულებს, რაც არ ჩაუდენია.

„მეც გამჩრიკეს, ჩემი ავტომანქანაც და მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ. მითხრეს, წამობრძანდით, ხობის პოლიციაში უნდა წაგიყვანოთ, თქვენი ნახვა ხობის პოლიციის უფროსს უნდაო. დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და არც შემშინებია. იქ მისულებს პოლიციის უფროსმა მკითხა, ხომ იცი რაც მოხდაო, მე არაფერი ვიცოდი, საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღო, მე ყველაფერში დაგეხმარებიო. სამ-ოთხ დღეში გარეთ გამოგიყვან და ჩვეულებრივად გააგრძელებ მერე მუშაობაო. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, რაც არ გამიკეთებია, საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი“, - აცხადებს არსენ მატარაძე.

მისი ინფორმაციითვე, ის იმავე დღეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. ბრალდებული ამბობს, რომ მას ეს თანხა არ აქვს და იბრძოლებს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში დაიწყო გამოძიება ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 23 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, 1986 წელს დაბადებული არსენ მატარაძე. ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.

„25 სექტემბრის, განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 10000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა“, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ქურდობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გარდა 27 სექტემბერს ხობის პოლიციამ ასევე დაიწყო გამოძიება ბრალდებულ ა.მ-ს მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.
წყარო: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/30711-braldebuli-khobis-policiis-ufross-zetsolashi-adanashaulebs.html