წიგნის კითხვისთვის გადასახლებული ხობელი კაცის ამბავი [ვიდეო]

მალხაზ სიორდია, ბიქტორ ლატარიას შვილიშვილი. ფოტო: ლაივპრესი

მალხაზმა არ იცის როგორ გამოიყურებოდა ბაბუა, რომელიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი წიგნის კითხვისთვის გახდა. შთამომავლებს მისი ფოტოც აღარ შემორჩათ.


ბიქტორ ლატარია 39 წლის იყო, როცა საბჭოთა რეჟიმმა "სახელმწიფოს მტრად" გამოაცხადა და ათი წლით გადასახლება მიუსაჯა. ჰყავს 4 ქალიშვილი, რომლებსაც წლების მანძილზე მამის სახელის ხსენებისაც კი ეშინოდათ.


სოფელ გურიფულში მცხოვრებ მალხაზ სიორდიას ბაბუას შესახებ დედამ 10 წლის წინ უაბო. აქვს მხოლოდ საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატის (შინსახკომი) განჩინების ასლი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან გამოითხოვა.
ბიქტორის გადასახლებაში ყოფნის პერიოდში, მძიმე ცხოვრება გაიარა შინ დარჩენილმა ოჯახმაც. იყვნენ სიღარიბეში და ჩაკეტილები. დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.


ბოლშევიკებისგან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით ბიქტორის ცოლმა მეზობლების დახმარებით სახლის ბიბლიოთეკიდან წიგნები გამოზიდა და დაწვა. ამიტომ, არავინ იცის რა შინაარსის ლიტერატურა ინახებოდა ლატარიების ცნობილ ბიბლიოთეკაში.


"იყვნენ განდეგილივით. მეზობლებიც ერიდებოდნენ ახლო ურთიერთობას. ჩემი უფროსი დეიდა მაშინ სკოლაში სწავლობდა და მასწავლებელიც, როგორც ხალხის მტრის შვილს ისე ეპყრობოდა. სულ აყვედრიდა", - ამბობს მალხაზი.


ბიქტორის ოჯახის წევრებზე რეპრესიები "ხრუშჩოვის დათბობის" პერიოდიდან შემცირდა. მანამდე მათ "მოღალატის შვილის" სტატუსის გამო სამსახურშიც არ იღებდნენ.


"მოღალატის შვილის" სტატუსით გაზრდილ ქალიშვილებს, შიში, რომ არაფერი ეთქვათ მამაზე, თითქმის მთელი ცხოვრება გაჰყვათ. ამიტომ ბიქტორის შვილიშვილებმა ცოტა რამ თუ იციან რეპრესირებული ბაბუის უნარ-ჩვევებსა და ცხოვრებაზე.
ვიდეო