ეთნოგრაფიული მასალა - XIX საუკუნის ხობი ნაწილი მესამე

1935 წელს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სოფელში), მათ შორის ხობის რაიონის სოფლებში შეიკრიბა ეთნოგრაფიული მასალა.
მებაღეობა, ვაზის მოვლა, ღვინოს დაყენება, ჭურჭლის მეგრული სახელები, მეწაღეობა...

მთხრობელი: მელიტონ ალმასხანის ძე ჩხეიძე, 86 წლის, სოფელი ხობი

სხვდასხვა ფეხსაცმლები. ქალამანს ვკერავდით ტყავისგან, რომელსაც „კაზანი“ ერქვა. გამოვჭრიდით მთლიან წვეტიან ქალამანს. ამოკერვამდე ამოვჭრიდით ზემოდან, შევღებვდით და შემოვქობავდით. ზოგჯერ სირმით გავაწყობდით. ბოლოს ამოვკერავდით.
წუღას ასე ვკერავდით: გამოვჭრიდით პირს და ამოვუჭრიდით ბოღაზს. ამ ამოჭრილს გადაბრუნებულ ტყავს დავადებდით და დავაგვირისტებდით. მერე ქობას გამოვჭრიდით, ორად გავკეცავდით და მივაკერებდით ხარაზულად ორი ძაფით აქეთ-იქით, კალაპოტში ჩავდებდით და ხაფსულით პირს წინ ავწევდით ზევით.
ვკერავდით, ასევე საცვეთს. საცვეთი დაბალყელიანი, უძირო წუღაა. იკერება გვირისტით, აწყობენ სირმით, გრეხილით და თავისივე გადაბრუნებულ ტყავით, რომელიც გამოჭრილია სხვადსხვანაირად.
კაცის ჩაფლასაც ვკერავდით. გამოვჭრიდით პირს და ხარაზულად მივაკერებდით ძირს, ჩავდებდით კალაპოტში, როდესაც გაშრებოდა - ამოვიღებდით.
საცვეთს, ჩუსტებს და ჩაფლას ხარაზი კერავდა, ჩექმებს  კი - მეჩექმე. მასალა მოგვქონდა სხვადასხვა ქალაქებიდან. ხელსაწყოდ გვქონდა დაზგა, მუშტა, ჯევიჩი, ყარაინჩი (შემოსაჭრელი), თავლაშვარი (გასალესი ქვა), კალაპოტები. კალაპოტებს სხვადასხვა სახელები ჰონდა: N31-დიდი ულაეღი, N29 - პატარა ულაეღი; N28 - დიდი ლუძგარი; N27 - პატარა ლუძგარი; N26 - ულორთა; N25 - პატარა ულორთა; N23 - დიდი ჭიპლიკი; N22, N21 -საშუალო ჭიპლიკი.
ძირების მიკერების დროს საჭირო იყო ღვედი, რომელსაც ფარძვალი ეწოდება. როდესაც ფეხსაცმელს კალაპოტში ჩავდებდით, საჭირო იყო ხაბსვალი. ხაბსვალი საპირის წინა ნაწილის ასაწევი.

მევენახეობა
მთხრობელი: პორფილე ივანეს ძე ვადაქარია, 55 წლის, სოფელი ხობი
ვენახისთვის ვარჩევდით ისეთ ადგილს, სადაც მზე ადგებოდა. უნდა ყოფილიყო ფერდობი და მშრალი ადგილი. გადავაბრუნებდით მიწას, ამოვთხრიდით რიგ-რიგად ორმოებს და ჩავყრიდით ნერგებს. ნერგებს ჩავურჭობდით ორთითა სარებს. ამ სარებზე გავდებდით დანებს და გავაწყობდით ვაზის ტოტებს. ამას ვეძახდით ტალავერს. ტალავერში რომ შეხვიდოდი, ზემოდან გადმოგცქეროდა ლამაზი მტევნები.
ყოველ წელს ვაზს ძირში ვაყრიდით ნაკელს და სძლებდა 9-10 წელიწადს. როდესაც ვაზი დაბერდებოდა, ძირში მოვჭრიდით. ძირი ამოხეთქავდა ახალ ყლორტს. აამ ყლორტს დავაწვენდით და დავაყრიდით მიწას. იმ ადგილებში, სადაც მიწას დავაყრიდით, ყლორტი ფესვს გაიკეთებდა. ყლორტს დავჭრიდით და თითოეულ ნაწილს ჩავრგავდით. ასე ხდებოდა ვაზის განახლება.
ვაზს უჩნდებოდა ავადმყოფობა ჭაბუ (წებო). ვაზს გული უშავდებოდა და ხმებოდა. ეს ავადმყოფობა უჩნდებოდა მაღალ ვენახს. რომ დაღუპვას გადაგვერჩინა უკეთებდით ტალავერს. ტალავერზე დახვეულ ვაზს არი ნაკლებად ავნებდა. მაღლაარ ვენახს კი დაააყრევნებდა ყურძენს. ორ წელწადშ ერთხელ ვწმენდდით ვენახს დანით და ცხემლარით. ცხემლარი ცულისმაგვარი, მოკლეტარიანი იარაღია, რომელსაც მოკაუჭებული წვერი აქვს (ღვინკი). ვაზის გაწმენდა გრძელდებოდა იანვრის ბოლოდან თებერვლის შვიდამდე.
ყურძენს შემოდგომაზე კრეფდით. რთველის დაწყებამდე ვრეცხავდით ქვევრებს და საწნახელს ორჩხაშეთი. ნარეცხი წყალი ამოგვონდ ხერკეთი. ხერკეს ვაკეთებდით გაჭრილ ტუტლასაგან. ტუტლაა მცენარეა, რომელსაც გოგრის მსგავსი ნაყოფი აქვს. ბოლოს ამოვწმენდდით ნაჭრით, რომელსაც სასირეს ვეძახდით.
შევუდგებოდით ყურძნის კრეფას. მტევნებს გოდლებში ვაწყობდით და ვცლიდით კალათებში. კალათებს ვცლიდით საწნახელში. საწნახელს გავავმსემდით და სამი დღის შემდეგ შევუდგებოდით ფეხებით წურვას. როდესაც ყურენი დაიჭყლიტებოდა, ზევიდან დავახურაავდით გვიმრას. ზევიდან მოადგებოდა მაჭარი, რომელსააც დიდი ხერკეთი ვიღებდით. მაჭარს ვასხამდით სამარანო ანუ სადადიო კოკაში. საადადიოს იმიტომ ვეძახდით, რომ, იმითი ღვინო დადიანებისთვის მიგვქონდა. კოკებს ვცლიდით ქვევრებში. ქვევრებს თავახდილს ვტოვებდით, სანამ დუღილს არ გაათავებდა. მერე ბულიშს დავახურავდით და თიხით შემოვულესდით თავს.
პირველად ამოღებულ ღვინოს ნაფეთქას ვეძახდით. ეს პირველი ხარისხის ღვინო იყო. დარჩენილ ჭაჭას დავასხამდით წყალს და ისევ დავჭყლეტდით, ვღებულობდით ნაწყარიშა ღვინოს (წყალგარეულ ღვინოს). ეს ყოველდღიურად სასმელი ღვინო იყო.

                                 
              მთხრობელი: მირონ გიგას ძე კუტალია, 88 წლის (სოფელი ლარჩვა, ხობის რაიონი).
მებოსტნეობა
ძველად ჩვენში ისეთი ბაღები, როგორც ახლაა, არ იყო. მხოლოდ ეზოებში ცოტცოტა გვედგა ვაშლი, მსხალი, ატამი, ბია, თხილი, ქლიავი, ალუჩა, შვინდი, ალუბალი, ბალი. ჯიშიანი ხილი არ იყო, მაგრამ თუ სადმე შევხვდებოდით უკეთეს ხილს, მის ტოტს გადმოვამყნობდით. ჩვენს ხის ტოტზე შევჭრიდით ქერქს და შიგ ჩავარჭობდით კარგი ჯიშის ხეხილის ტოტს. შემოვაკრავდით ბულიშს (ბლის ქერქს), შიგ ჩავაყრიდით წითელ მიწას. ტოტი იხეირებდა. ასე ვამყნობდით სხვადასხვა ხილსაც. ხილი იყო საზაფხულო-საზამთრო.
ყველა ჩვენთაგანს თავისივე ეზოში იმდენი ბოსტნეული და მწვანილი მოჰყავდა, რამდენიც თვითონ სჭირდებოდა. მოგვყავდა: ოხრახუში, პრასა, ხახვი, ქინძი, ხული, ქონდარი, სამშურე, ნესვი, გოგრა, კიტრი, უფრო გვიან დავიწყეთ საზამთროების, კარტოფილის, კიტრისა და ჭარხლის მოყვანა.