მერის წარმომადგენლებს „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა” გააცნეს


10 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამის დეტალები გააცნეს
ასოციაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით მუნიციპალიტეტში წამლობის პირველი ეტაპი 5 აპრილიდან დაიწყება.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლები სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2000 ერთეული შესაწამლი აპარატი და უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც მეთხილე ფერმერებს გადაეცემა. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ფერმერები შეღავათიანი პირობებით შეძლებენ შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები.
სპეციალისტების მიერ შემუშავებულია კომპლექსური გეგმა, რომელიც თხილის მწარმოებელ ფერმერებს საშუალებას მისცემს მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროტექნიკური ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ახალ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ,,ფერეროსა'' და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.