ყულევში PHASIS OIL-ის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება


ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. პროექტზე კომპანია PHASIS OIL-ი მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ ყულევში, ქარხნის მშენებლობის პროცესში გარემოსდაცვითი კუთხით იზოთერმინგის თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგება, რასაც მსოფლიოში აღიარებული ქიმიური კონცერნი DuPont-ი უზრუნველყოფს. ეს ტექნოლოგია რამდენიმე წლის წინ, სპეციალურად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის შეიმუშავეს და პირველად აშშ-ში დანერგეს. საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობი სრულად, 100%-ით გადამუშავდება, წარმოებას მყარი ნარჩენები არ ექნება და საბოლოოდ, ეკოლოგიურად სუფთა, “ევრო 5”-ის სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავს გამოიმუშავებს.
ქარხნის მშენებლობა სამ წელს გაგრძელდება და მის ფარგლებში მუდმივად 400-მდე ადამიანი დასაქმდება. საინვესტიციო პირობის თანახმად, ქარხანაში დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადამზადებას მმართველი კომპანია CEPSA-ს ქარხნებში გაივლის. ქარხნის მშენებლობისა და ამოქმედების ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. 5 წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი, ყოველწლიურად, დაახლოებით 40-50 მილიონ დოლარს მიიღებს.