საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს საწმისი“

ფოტო გოჩა შონიასი
5 ივლისს, ქალაქმა ხობმა საერთაშორისო ფესტივალს - „ოქროს საწმისი“ უმასპინძლა. კულტურის სახლის დიდ დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ყაზახეთის, სლოვაკეთის და ბელარუსიის ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ. ფესტივალის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ. „ხობის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო ფესტივალს. დღეს, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავეცნოთ სხვა ქვეყნის კულტურას და ამავდროულად, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ქორეოგრაფიას. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ხობი, მომავალ წელსაც უმასპინძლებს ფესტივალს“ - აღნიშნა მერმა. ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალი, 7 ივლისს, ქალაქ ბათუმში გალა კონცერტით დაიხურება.



WWW.KHOBI.GE