მომავალი მსაჯი გოგონა - ფეხბურთით ვცხოვრობ, მსაჯობა ამიტომ გადავწყვიტე!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, მსაჯთა აკადემია გაიხსნა, რომელიც სრულიად უფასოა – მას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს.
საინტერესოა, რომ კონკურსმა უჩვეულო ინტერესი გამოიწვია და მსაჯის პროფესიის შესწავლა 500-მა მსურველმა გამოთქვა. გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა საუკეთესო მონაწილემ დაიწყო, მათგან 7 გოგონა გახლავთ.

„სპორტ-ექსპრესი“ 7 საუკეთესო მონაწილეს შორის, ერთ-ერთ მანდილოსანს, ვიკა სახურიას დაუკავშირდა, რომელიც ახლო მომავალში მსაჯი გახდება.
- რატომ გადაწყვიტეთ მსაჯობა?
- პირველ რიგში ფეხბურთის სიყვარულმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. ფეხბურთს უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და რაც კი ბედნიერი წუთები მქონდა ცხოვრებაში, ყველაფერი ფეხბურთს უკავშირდება, აქიდან გამომდინარე მინდოდა საფეხბურთო სფეროში ვყოფილიყავი, მომწონდა მსაჯობა და მყავს რამდენიმე მსაჯი მეგობარი, რომელთა პროფესიონალიზმმა, სამართლიანობამ და ავტორიტეტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს არჩევანზე.
- დაასახელეთ სამი კრიტერიუმი, რაც პროფესიონალ მსაჯს აუცილებლად უნდა გააჩნდეს.
- პიროვნული თვისებები, ფიზიკური მომზადება და თამაშის გაგება..
- მსაჯების მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ქართველ გულშემატკივართა დიდ ნაწილს და ხშირ შემთხვევაში ეს უკმაყოფილება მინიმუმ სიტყვიერი შეურაცხყოფით სრულდება მოედანზე. არ გეშინიათ ამ გარემოებების?
- შიშით არ მეშინია, უფრო განვიცდი იმას, რომ საქართველოში ამ კუთხითაც დიდი პრობლემებია და შეგნების ამბავია. თუ არ გამოსწორდა ეს საკითხიც და წინ არ წავედით, ეს ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუშლის ხელს. მათ საქციელს ჩემს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში არანაირი ზეგავლენა არ ექნება, ასე რომ გინებას ურჩევნიათ საკუთარი გუნდის ქომაგობაში დახარჯონ ძალები და საფუძვლიანი კრიტიკით შემოიფარგლონ.. 
- საქართველოში ალბათ არიან მანდილოსნები, რომლებსაც თქვენსავით მოსწონთ ეს პროფესია, მაგრამ რადგან პოპულარული არაა „ქალი-მსაჯი“ და იმის შიშით, რომ მათი მშობლები ან შეყვარებული არ მოუწონებენ ამ არჩევანს, ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. რას ურჩევდით ასეთ კატეგორიას?
- პირველ რიგში უნდა გაერკვნენ იმაში, თუ რა არის მათთვის ცხოვრებაში მთავარი და რამდენად დამოუკიდებელნი არიან, რადგან ეს მარტო მსაჯობას არ ეხება, თუ ადამიანს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, მას ყველა სფეროში გაუჭირდება. რაც შეეხება მშობლებს და შეყვარებულს, როცა უყვარხართ და კარგად ახსნი რა გინდა აუცილებლად გაგიგებენ.
- რომ არა მსაჯი, რომელ პროფესიას დაეუფლებოდით?
- სიმართლე გითხრათ ფეხბურთის გარეთ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია, ალბათ ისევ საფეხბურთო სფეროში. აქვე, მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ყურადღებას აქცევთ ქართულ ფეხბურთს და მსგავს თემებს, ახალგაზრდა, მომავალი მსაჯისთვის ასეთი ფაქტები დამატებით სტიმულს იძლევა.
- წარმატებებს გისურვებთ!