ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე ხობში

4 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. წმინდა მარიამის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. მოულოდნელად ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხდა და ახარა, რომ მას ასული მარიამი ეყოლებოდა, რომელიც კაცობრიობას მხსნელს, იესოს მოუვლენდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი იგი მშობლებმა იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს. ტრადიციულად ამ დღეს მშობლებს ტაძრებში ბავშვები მიჰყავთ. ეს დღე ასევე ბავშვების დალოცვის დღეა. საზეიმო წირვას ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.