ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა სამწყსოსადმი.

იყო10 ნოემბერი, 2019 წელი.
/ღამისთევის წირვა ფოთის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში/


სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტესმიერ საყვარელო სამწყსოვ, მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ჩვენო ძვირფასო სულიერნო შვილნო, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი! მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმიდესობა ბრძანებდა, „მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს!

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი, და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას გარკვეულწილად დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რაც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა!

არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა!

ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა!
დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც!

რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი.

საბჭოთა წარსული, რომელიც ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული, კვლავინდებურად გვიტევს და ცდილობს წარსულში ჩვენს დაბრუნებას, როგორც ფარაონი, რომელიც ვერ ელევა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ ისრაელს, და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას! თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას (ფარაონს), როცა ორად გაპობილ მეწამულ ზღვაში ჰპოვა თავისი აღსასრული.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს!

დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის შიში, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება!
შიშმა არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება!
ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?!
...და სადაც ქრისტიანულ ღირებებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი!
ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული!

შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია!

ეკლესიის ცხოვრებაში პრობლემები იყო მისი დაფუძნების პირველივე დღეებიდან, არის დღესაც და იქნება მომავალშიც, რადგან ის ცოცხალი ორგანიზმია; ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას ჩემი საეპისკოპოსო ხელდასხმის წინ წარმოთქმულ სიტყვაში და ამაზე არაერთგზის მისაუბრია ჩემს სულიერ ძმებთან და თქვენთან, ჩემს სამწყსოსთან.

მაგრამ დღეს, მოცემულ ვითარებაში, ყოველივე ეს მეორეხარისხოვანი ხდება და უკანა პლანზე გადადის, რადგან დღის წესრიგში დგას ერთადერთი და უმთავრესი ამოცანა - შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევა; და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბრის გაგრძელება იმ რეჟიმში და იმ გარემოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ყოველგვარი ხელის შემშლელი ფაქტორებისგან განრიდებულად, ვიზრუნოთ არსებული პრობლემების დაძლევსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

შექმნილ ვითარებაზე ყველაა პასუხისმგებელი!

და მაინც...!
ლაზარე, მეგობარი იესო ქრისტესი, მოკვდა!
მკვდარი ლაზარე ოთხი დღის განმავლობაში სიმყრალემ მოიცვა!, ...მაგრამ ლაზარე აღადგინა უფალმა!

ასე რომ, არანაირი მიზეზი არ გვაქვს სასოწარკვეთისა და იმედგაცრუებისა; გჯეროდეთ, გწამდეთ,

„შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ (ლკ. 18,27).

მთელი არსი ქრისტიანობისა საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ადამიანები ცოდვილნი ვართ, მაგრამ გვყავს მხსნელი, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, და მისთვის შეუძლებელი და დაუძლეველი რამ არ არსებობს!

წმიდა სახარებას იმიტომაც ეწოდება სახარება, რომ ის სიხარულს გვაუწყებს!

ღმერთმა გაგიმრავლოთ სიხარული!
ჩვენთან არს ღმერთი!