შეხვედრა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილეები ზურაბ ლიპარტია და გიორგი იაკობაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატში განიხილეს მიმდინარე ღონისძიებები, რაზეც დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან შეიწამლება საყანე ფართობებიც.
შეხვედრაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს და ამ ეტაპზე, ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა.