ხობში 9 აპრილი გაიხსენეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხობში, ერის დაუვიწყარი ტკივილისა და სულიერი ამაღლების დღე აღინიშნა. დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან დილიდანვე შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და მოსწავლე ახალგაზრდობა. მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავამ, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა სიმღერითა და ლექსებით მოიგონეს ტრაგიკულად დაღუპულები. ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კი ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია „დაგადგეთ, დაგადგეთ, დაგადგეთ ნათელი!“ სადაც გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ მოიგონეს 9 აპრილს დაღუპული გმირები.