დასრულდა მელორ ზაქარაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

 

9 ნოემბერს, ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე დასრულდა ვეტერანი ფეხბურთელისა და ხობის „კოლხეთის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედოს“ და ზუგდიდის „ბაიას“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ზუგდიდის „ბაიამ“ პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისის „ტორპედოს“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი „ივენტუსის აკადემიის“ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან, მელორ ზაქარაიას ოჯახის წევრებთან და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.