სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სრულყოფილი მომავლისთვის.
საბავშვო ბაღი ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თითოეულ ბავშვს ხარისხიანი ადრეული განათლება! ეს არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მთავარი მიზანი.
ხუთ ათეულ წელზე მეტია სკოლამდელების მაჯისცემას ვარ მიყურადებული. თვალს თუ გადავავლებთ გასულ წლებს, გავიხსენებთ როგორი წლები გამოგვივლია, დღევანდელი რეალობა სიზმარი გვეგონება.
1990-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა უარყოფითად იმოქმედა სკოლამდელი განათლების სისტემაზეც. მკვეთრად შემცირდა სახელმწიფოს მიერ სკოლამდელი განათლების დაფინანსება, დაიხურა ბევრი საბავშვო ბაღი და სკოლამდელ განათლებაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა განახევრდა.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე შემცირდა მოთხოვნა სკოლამდელ განათლებაზე. თუმცა 2000-იანების შუა პერიოდიდან, გაუმჯობესებული ეკონომიკისა და განათლების დაფინანსების ზრდის ფონზე, სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნაც გაიზარდა.
2006 წლამდე სკოლამდელი განათლების მართვა ცენტრალურ დონეზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხდებოდა. 2006 წლიდან განხორციელდა სისტემის დეცენტრალიზაცია და სკოლამდელი განათლების სფეროს მართვა და დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცა.
2016 წელს მიღებული კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, არის პირველი სკოლამდელი განათლების კანონი საქართველოში და უპირატესად პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლამდელი აღზრდის წარმომადგენლებს, წარადგენს საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას ადრეულ განათლებაში და ქმნის სამართლებრივ საფუძველს.
დღეს საქართველოს თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად მართავს მათ ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს. განსაზღვრულია სტანდარტები, კურიკულუმი და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციები...
ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის უზრუნველყოფა, ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
საბავშვო ბაღებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
ამ დღეებში ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, 50 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, სრულად აღჭურვილი, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის შენობა ჩადგა ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის სამსახურში.
საბავშვო ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, თეა ცინცაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ გახსნეს.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 146 ათასი ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო სათამაშო მოედანი. ბაღი აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება და ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებული რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტირდება საჯიჯაოს და ნოჯიხევის N2 საბავშვო ბაღები.
ახალი სააღმზრდელო წელმა ათვლა დაიწყო. წინ ახალი შესაძლებლობები და სიახლეებია.
მჯერა, გავამართლებთ მიზანს: ,,თითოეულ ბავშვს_ხარისხიანი სკოლამდელი განათლება!"
ნორა იოსავა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.
