მერმა ახალსოფლის სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ახალსოფლის საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გამორჩეულად ვულოცავ პირველკლასელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.
სწორედ, სკოლაში მიღებული ცოდნა და განათლებაა მყარი საფუძველი და გარანტი საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისა. თაობების სწავლა-განათლების საქმეში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა მასწავლებლებს აკისრიათ. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - მეტად საპატიო საქმეა. ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. წელს, მერიამ 11 სკოლაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 600 ათას ლარამდე დახარჯა. სკოლების კეთილმოწყობის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ” - აღნიშნა მერმა.
ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორმა კუკურ ნაცვლიშვილმა და მერმა პირველკლასელებს სახელმწიფოს საჩუქარი - კომპიუტერები გადასცეს.
წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 311 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების 273 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით.
საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან ახალსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლის კეთილმოწყობაზე 104 000 ლარი დაიხარჯა.