მურთაზ ალანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთ „ხობის მოამბეში“ გამოქვეყნებული წერილი გამოსათხოვარი - მოენატრები ხობს


გამოსათხოვარი - მოენატრები ხობს

12 ივლისს გარდაიცვალა შესანიშნავი მომღერალი, თვითშემოქმედების რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტალისტი და პედაგოგი მურთაზ ვლადიმერის ძე ალანია.
            მურთაზ ალანია დაიბადა 1953 წლის 19 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ პირველ გურიფულში. დიდი ხელოვანი ადამიანების, ანდრი და ვლადიმერ (ლადი) ალანიების შთამომავალს სიმღერის სიყვარული გენში გამოყვა. ალბათ ამან განაპირობა, რომ მან ცხოვრების გზად სიმღერა აირჩია.
            1979 წელს დაამთავრა თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი-ესტრადის მსახიობის სპეციალობით. დამთავრებისთანავე მუშაობას იწყებს ხეთის სასოფლო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. წლების მანძილეზე იყო ახალი სოფლის პროფკავშირების კულტურის სახლის დირექტორი.
            მურთაზ ალანია 1985 წლიდან ხობის საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმღვანელია, პარალელურად მღეროდა სენაკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში.
            წლების მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ხობის N2 საჯარო სკოლაში. მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს ხელოვანთა ლიგის, განათლების სამინისტროს, ადგილობრივი  მმართველობის და კულტურის სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო მედლებითა და სიგელებით.
            1995  წლიდან  რაიონულ კულტურის სახლში კურირებდა ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობას. ჩამოაყალიბა გოგონათა და ბიჭუნათა ვოკალური ჯგუფები. მისივე ხელმძღვანელობით შეიქმნა ტრიო „ფერია“.  ვოკალური ანსამბლები:  „ჩიორა“, „თალია“ და სხვა.. კულტურის სახლში ჩამოყალიბდა საესტრადო სტუდია.

2006-2009 წ.წ ისინი რესპუბლიკურ ფესტივალ „ოროს დელფინი“ -ს ლაურეატები და I ადგილის მფლობელები გახდნენ. ასევე გადაეცათ დიპლომი „ცისკრის ვარსკლავი“ (ბათუმი).
            მურთაზი დღემდე იყო ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოკლორული ანსამბლ „კოლხეთის“ უცვლელი წევრი. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა შუა ხორგის საჯარო სკოლაში და ქ. ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.
            უდიდესი ტკივილია ამ ქვეყნიდან შენი უდროოდ წასვლა. შენს სამეგობროს ძალიან დააკლდება შენი ბუბუნა ბანი, თითქმის ყველა მუსიკალური ინსტრუმენტის უბადლოდ ფლობის ნიჭი...
            ძალიან, ძალიან ადრე წახვედი და დაგვტოვე უდიდესი გულისტკივილი, სევდანარევი მოგონებები და უსაშველო მონატრება. შენს სამეგობროს მუდამ ეხსომები ხალისიანი, ლაღი, ჩონგურით ხელში ამღერებული შავჩოხიანი ვაჟკაცი.
            ვწუხვართ... მოგვენატრები მოენატრები ხობს...


ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
გაზეთი „ხობის მოამბე“ #14-15 ივლისი 2011 წელი