წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე ხობში video+photo


   
12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ცოტნეობის  დღესასწაულთან დაკავშირებით,   ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა,  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან,  ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და  ეპარქიის სამღვდელოებასთან  ერთად აღავლინა.
    წირვის შემდეგ ხობის საკათალიკოსო სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზეცოტნე დადიანი და შოთა რუსთაველი“. 
მომხსენებლები: 
ივანე ამირხანაშვილი - მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ხობის საპატიო მოქალაქე
როსტომ ჩხეიძე - მწერალი, მთარგმნელი
ნინო ვახანია - სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი
ელგუჯა თავბერიძე - მწერალი, კრიტიკოსი
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია და  გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალქსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.  
   ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ ცოტნე დადიანის მემორიალს პატივი მიაგეს  და ყვავილებით შეამკეს.
    ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის ფრესკაზეა გამოსახული, წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა.




ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის
ქადაგება
წმიდა ცოტნე აღმსარებლის დღესასწაულზე.
12 აგვისტო, 2019 წელი.
/ხობის (ნოჯიხევის) ხარების დედათა მონასტერი/
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ძვირფასო მეუფენო, პატიოსანო მამანო და დედანო, ჩვენო ძვირფასო ძმანო და დანო, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ცოტნე აღმსარებლის ხსენებას აღასრულებს; გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! ეს არის არა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული, არამედ - ეროვნული, ქართველთა საერთო სახალხო დღესასწაული. ვიდრე ცოტნე დადიანის სახელი საეკლესიო დიპტიხში დაიდებდა ადგილს, დიდი ხნით ადრე, მე-13 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული და ვიდრე აქამომდე, მისი სახელი დაფასებული და პატივდებული იყო საუკუნეთა განმავლობაში, რის შედეგადაც მან თავისი ადგილი სამართლიანად დაიმკვიდრა ქართველთა ეროვნულ ცნობიერებაში. იგი არის პიროვნება, რომელშიც შერწყმულია ჭეშმარიტად ქრისტიანული სული და რაინდული თვისებები. იგი გახლავთ პიროვნება, რომელიც საერთოდ კაცთა მოდგმის ისტორიას ამშვენებს.
ცოტნე დადიანის შესახებ რომ ვფიქრობთ, ჩვენს ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ ამ წმიდანის გადაწყვეტილება, რომ ჩავიდეს ანისში და მონღოლთა მიერ დატყვევებულ ძმათა ხვედრი გაიზიაროს, არამედ თანაბრადვე გვაფიქრებს ისიც, რომ მონღოლთა ნოინსაც აღმოაჩნდა უნარი - ცოტნეში დაენახა დიდი ნამდვილი რაინდული სულის პიროვნება; ...და თვით დამპყრობელშიც კი ასეთი პოზიტიური თვისების გამჟღავნებას განაპირობებს ის უნიკალური და მანამდე არნახული გმირობის მაგალითი, რაც მან ცოტნეში დაინახა. აქ უკვე უკანა პლანზე გადადის მტრისა და მოყვრის ურთიერმიმართება და ადგილი აქვს აღფრთოვანებას, აღტაცებას დიდი ადამიანის დიდი პიროვნული თვისებებით! დიდი ნიჭი უნდა იმას, რომ მტერში შეძლო ღირსეული თვისებების დანახვა და დაფასება.
წმიდა ცოტნე აღმსარებლის ხსენება ჩვენთვის არის სერიოზული მიზეზი იმისთვის, რომ არ დავნებდეთ განსაცდელებს და ვიზრუნოთ პრობლემებიდან, სირთულეებიდან თავის დასაღწევად; თანაც, ეს ისე გავაკეთოთ, რომ არ უარვყოთ და განვუდგეთ ზნეობრივ პრინციპებს, რომლებიც ქრისტიანულ ღირებულებებთან მჭიდროდ გვაკავშირებს. დღეს განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ვისაუბროთ სამშობლოსადმი ერთგულებასა და სიყვარულზე, რამაც უნდა აღმოაცენოს ადამიანის ბედნიერება.
ადამიანს ღმერთმა შთაბერა უკვდავი სული სიცოცხლისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წინაშეა მარადიულობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წუთისოფელში ჩვენი ყოფნა დროებითია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენთვის არ არის სულერთი, თუ რა იქნება ჩვენს ქვეყანაში ჩვენს შემდეგ! აქ იბადებიან და დაიბადებიან ჩვენი შემდგომი თაობები და ჩვენი ზნეობრივი ვალია, ვიზრუნოთ მათზე, დავუტოვოთ მათ შესაფერისი მემკვიდრეობა, რომელიც მათ გაუადვილებს სიძნელეს გზისა. ამიტომ თანამედროვეობის კონტექსტში უნდა გავიაზროთ ცოტნეს ფენომენი და ამით მოტივირებულებმა ადეკვატურად ვიაზროვნოთ, გავაკეთოთ საჭირო დასკვნები, მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი არსებული პრობლემებისა და სირთულეების დაძლევა. ამისთვის განსაკუთრებულ იმპულსებს გვძენს დღევანდელი დღე, სწორედ ის, რომ დღეს არა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულია, არამედ - ეროვნული დღესასწაულიც, რაც გვაფიქრებს, გვზრდის, გვმოძღრავს და მიმართულებას გვაძლევს. ჩვენ ვიმყოფებით იმ ტაძარში, სადაც არის დადიანების საგვარეულო აკლდამა, სადაც დაკრძალულია წმიდა ცოტნე აღმსარებელი და აქ არის მისი წმიდა ნაწილები.
ეს დღე აერთიანებს წარსულს და მომავლის კონტექსტში გვაფიქრებს ჩვენს თანამედროვეობაზე. შესაბამისად, საღი აზრისთვის შეუძლებელი და დაუშვებელიც კია, რომ კედელი აღვმართოთ წარსულსა და თანამედროვეობას შორის; მათ შორის ორგანული კავშირია, დიდი სულიერი კავშირი! მოდით, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა პირველადი სირთულეებია ჩვენ წინაშე, თანაც ვიფიქროთ ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, კრიტიკულად და პირუთვნელად, რადგან მხოლოდ ამგვარი ხედვა და მიდგომა თუ შეგვაძლებინებს ჩვენი ქვეყნის მომავლის მეტ-ნაკლებად საიმედო გზათა დასახვას.
საკითხი, რაზეც მე პირადად ყურადღებას გავამახვილებდი, არის ჩვენი ეროვნული სხეულის ერთგვარი მყიფე მდგომარეობა, რაც ჩანს და აშკარად იგრძნობა იმაში, რომ ჩვენს მოქალაქეებს პრინციპული, მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულებების თაობაზე არ აქვთ ერთიანი პოზიცია, საზოგადოებრივი თანხმობა. ხშირად ვკამათობთ და ერთმანეთს ვუპირისპირდებით ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გვქონდეს გარკვეული. ასეთი გათიშულობა, რომელიც დღევანდელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიმაჩნია, სათუოდ ხდის ქვეყნის ბედს. ამავდროულად არის მრვალი სხვა პრობლემა სხვადასხვა მიმართულებითაც (მაგალითად, კვალიფიკაციის დეფიციტი და ა.შ.), მაგრამ მე არ გავაგრძელებ ამ მიმართულებით საუბარს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ არსებულის ფონზე, კიდევ უფრო იზრდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების საქმეში.
აქედან გამომდინარე, ქართველთა თვალი და გული მიპყრობილია დედა ეკლესიის მიმართ, რაც კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს სასულიერო პირებს, მღვდელმთავრებს, წმიდა სინოდის წევრებს და გვავალებს უფრო თვითკრიტიკულნი ვიყოთ. ჩვენ არ ვართ განსაკუთრებული უნარებისა და შესაძლებლობის მქონენი, თუმცა ჩვენი ძალა სიმართლესა და სიყვარულშია. როცა ურთიერთშენდობისა და სიყვარულისკენ მოგიწოდებთ, ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ სათნოებათა არსებობა თვით სასულიერო პირთა შორის და მათ ურთიერთობებში.
ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს გაზრდილ პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე, ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე, თითოეული თქვენგანის წინაშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ თვით ჩვენ შორისაც უფრო მეტად იყოს ურთიერთგაგება და უფრო მეტად სუფევდეს ღირებულებითი ერთობა, რაც დაეხმარება ეკლესიას, რომ თავისი მისია უკეთესად შეასრულოს ღვთის, ადამიანისა და სამშობლოს წინაშე.
იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ყოველდღიური ფიქრი, მოღვაწეობა, მსახურება ჩვენი სულის გადასარჩენად, ქვეყნის მდგომარეობის გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებისთვის დღენიადაგ გაიზრდება! მომავალი თაობების ცხოვრების უზრუნველსაყოფად გვჭირდება დიდი სულიერი ძალა, მოთმინება, მაგრამ არა პასიური მოთმინება, არამედ ცნობიერი თმენა, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ დაუზარელი შრომითა და სიბეჯითით. ჩვენ ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ თუნდაც ჩვენს მეგობრებს მაინც ადეკვატურად გავაგებინოთ ჩვენი გულისთქმა და გულისტკივილი, რათა მხარში დაგვიდგნენ და ჩვენი სატკივარი ადეკვატურად აღიქვან. ცხადია, ყველას, მათ შორის, ჩვენს მეგობარ ერებსა და სახელმწიფოებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, ეროვნული ინტერესები და საჭიროა მათი გათალისწინება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
დღეს იმიტომ გავამახვილე ამ საკითხებზე ყურადღება, რომ მხოლოდ ცოტნეზე საუბარი, მუხლის მოდრეკა არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა, რომ ადამიანი წელში გაიმართოს და თვალი გაუსწოროს სიმართლეს! რაც არ უნდა მწარე იყოს სიმართლე, ამის გამო ნუ გავწყრებით და მტრებად ნუ დავსახავთ სხვებს, არამედ თვალი გავუსწოროთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს! საქმეც იმაშია, რომ როცა ღირებულებით ერთობაზე ვმსჯელობთ, სწორედ მტრისა და მოყვრის ურთიერთმიმართების ცხადად გარკვევაა ჩვენი მთავარი პრობლემა, რადგან ერთნი მტერში ხედავენ მოყვარეს და მეორენი კი მოყვარეში ხედავენ მტერს. ეს არის თავი და თავი ჩვენი დღევანდელი წარუმატებლობისა, რაც ხელს უშლის განვითარებას და ხშირად წრეზე გვაბრუნებს.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ბრძანდებიან წმიდა სინოდის წევრები, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მღვდელთმთავრები: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი - მეუფე მელქისედეკი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი - მეუფე დოსითეოსი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი - მეუფე საბა. დღეს ჩვენ ერთად აღვავლინეთ ლოცვები იმისთვის, რომ ღმერთმა წყალობა თვისი მოსცეს ჩვენს ერს, რათა სულიერი ენერგია მივიღოთ და გავძლიერდეთ. .შინაგანი სიმტკიცის გარეშე შეუძლებელია წინსვლა.
ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო მეუფენო! თქვენი ღვაწლი არ შემოიფარგლება მხოლოდ თქვენი ეპარქიებით, არამედ, როგორც წმიდა სინოდის წევრები, იღწვით და ზრუნავთ სრულიად საქართველოს სულიერი კეთილდღეობისთვის, რათა ჩვენი ხალხი მხნედ იყოს და არ დანებდეს განსაცდელს, არ დაიხიოს უკან, არ ჩაიქნიოს ხელი მომავალზე! ჩვენი სამწყსო ჩვენგან, როგორც ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა მემკვიდრეთაგან, ყოველთვის ელის ლოცვით შემწეობას და ქრისტიანული ღვაწლის ცოცხალ მაგალითებს, რაც მას რწმენაში განამტკიცებს.
დღეს ჩვენს ღვთისმსახურებას ბრწყინვალე გალობით განამშვენებდა ზარზმიდან ჩამოსულ მონოზონთა კრებული, ოზურგეთიდან ასევე საგანგებოდ მობრძანებული „შვიდკაცა“ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეპარქიის მგალობელთა გუნდი. დღეს ასევე მრავალი სტუმარი ეწვია მონასტერს და ამ ერთობით ვავედრებთ უფალს ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და მთელ სამყაროს.
ამ დიდებულ დღეს, ცოტნეობას, ვულოცავ ამ მონასტრის დედებს, რომელთაც ადგილისმცველის ფუნქციაც აკისრიათ; გარდა იმისა, რომ ისინი დაუცხრომელ სულიერ ღვაწლში არიან, სულის ცხოვნებაზე ფიქრობენ, აქ ისინი ჩაუქრობლად ინახავენ კანდელს, რომელიც დაანთო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ, როდესაც აქ, ამ წმიდა სავანეში მოილოცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კვართი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
კურთხევა უფლისა იყოს თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!