ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე.

07 ივლისი, 2019 წელი.
/პირველი ხორგის იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერი/
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
პატიოსანნო მამანო და დედანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღესასწაულს. დღეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დიდებული და გამორჩეული დღესასწაული - შობა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა - იოანესი. ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული და გამორჩეულია ამ წმიდანის ადგილი და როლი. მისი შობა წინ უძღოდა იესო ქრისტეს განკაცებას და მისია, რაც მას დაეკისრა ზეგარდამო კურთხევით, დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები; წმიდა მოციქული და მახარებელი მათე იოანეს შესახებ ამბობს:
„რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“ (მთ. 3,3).
იოანე ნათლისმცემელი, გახლავთ ძველი აღთქმის უკანასკნელი წინასწარმეტყველი. მისი მშობლები, ზაქარია და ელისაბედი უშვილონი იყვნენ; მათ უფლისადმი ლოცვაში გაატარეს ცხოვრება და ისე მოხუცდნენ, რომ შვილი არ ჰყავდათ. საოცარია და მიუწვდომელი განგება ღმრთისა, რამეთუ სწორედ მაშინ, როცა იოანეს მშობლებს ადამიანური საზომით შვილიერების ყოველგვარი იმედი გადაწურული ჰქონდათ, ზაქარიას, ძველი აღთქმის ეკლესიის მღვდელს, ღვთისმსახურებისას გამოეცხადა უფლის მაცნე - მთავარანგელოზი გაბრიელი და უფლის კურთხევა აუწყა:
„ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა, და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას, და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა“ (მთ. 1,13-16).
ანგელოზის სიტყვიდან ცხადი გახდა, რომ იოანე ნათლისმცემელს,ჯერ კიდევ დაბადებამდე, განსაკუთრებული მისია განუსაზღვრა ღმერთმა. იოანე ნათლისმცემლის შობით იწყება საკაცობრიო მნიშვნელობის მისიის ხორცშესხმა. ამ მისიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა მოამზადოს ერი ღმერთის მიერ აღთქმული მესიის მისაღებად. თითოეული ჩვენგანის რწმენის სიძლიერე დიდად არის დამოკიდებული ამ წმიდანის პიროვნებისა და მისი დანიშნულების მართებულ გააზრებაზე. იოანე ნათლისმცემელი გახლდათ პირველი მეუდაბნოე მოღვაწე; მის მიერ უდაბნოში გატარებული წლები და ასკეტური ცხოვრება, მუდმივი მარხვის ღვაწლში ყოფნა, უკვე ამით იპყრობს განსკუთრებულ ყურადღებას; ნიშანდობლივია, რომ იგი, ზეგარდამო კურთხევით აღვსილი, თავისი მნიშვნელოვანი მისიის დაწყებამდე, თვით გადის ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდს:
„ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ“ (ლკ. 1,80).
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს შობისას, როცა ჰეროდემ, ახალშობილი იესოს მოსაკლავად ჩვილ ყრმებზე დევნა გამოაცხადა (რასაც 14000 ჩვილი ემსხვერპლა), ელისაბედმა ყრმა იოანე განარიდა იქაურობას და უდაბნოს შეაფარა თავი, რაშიც ღვთის განგებულების საიდუმლო შეიძლება განვჭვრიტოთ; დედის გარდაცვალების შემდეგ იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში რჩება და იქ იზრდებოდა (სოფლიურ ამაოებას განრიდებული).
„საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური“ (მთ. 3,4), რაც მიუთითებს, მისი ცხოვრების განსაკუთრებულ პირობებზე - ფაქტიურად მუდმივი მარხვის მდგომარეობაზე; ეს იყო სხეულისა და სულის წრთობის ხანგრძლივი პერიოდი დიდი საქმის წინ, და მხოლოდ ამის შემდეგ, შეუსრულდება რა ოცდაათი წელი, ტოვებს იოანე უდაბნოს და მდინარე იორდანეს მიაშურებს;
აქ იწყება უშუალოდ განსაკუთრებული მისიის განხორციელება, რაც გულისხმობდა ადამიანთა საზოგადოების მომზადებას მომავალი ქრისტეს მისაღებად.
ღმერთთან ადამიანის შეხვედრისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ნება, არამედ საჭიროა შინაგანი მზაობა.
საუფლო წიაღიდან (სამოთხიდან) ადამიანის განდევნა იყო შედეგი ცოდვით დაცემისა; ამის ღრმად გააზრება და ადამიანში ცოდვის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება არის ღმერთთან დაბრუნების მთავარი პირობა; იოანე ნათლისმცემლის ქადაგება ემსახურებოდა (და დღესაც ემსახურება) ადამიანის სულიერ გამოფხიზლებას; იოანეს სიტყვა არის საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ეს არის მართალი სიტყვა:
„შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მთ. 3,2)
„რამეთუ აწვე ცული ძირსა თანა ხეთა ძეს; ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუთოს და ცეცხლსა დაედვას“ (ლკ. 3,9).
ეს იმ ადამიანებზეა ნათქვამი, რომელნიც არ ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს.
იოანე ნათლისმცემელი, ვიდრე ცოცხალი იყო, სიმართლეს ემსახურებოდა; იგი დაუფარავად ამხელდა დიდთა ამა სოფლისათა უკანონობას და სიცრუეს, რაც მის მიმართ რისხვის მიზეზი ხდებოდა. შურისძიების სურვილმა საღი აზროვნებისა და განსჯის უნარი დაუჩრდილა ცოდვაში მხილებულ სამეფო ოჯახს და იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს. დასრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველისა და ახალი აღთქმის წინამორბედის ამსოფლიური ცხოვრება.
მოგეხსენებათ, სიმართლე სათქმელადაც არ არის ადვილი, და მოსასმენად და დასათმენად კიდევ უფრო მძიმეა. დიდი შინაგანი ძალა და სულიერი სიწმიდე სჭირდება მას, ვინც სიმართლისა და მხილების გზას დაადგება, რადგან მაშინ აღდგება მასზე მთელი ლეგიონი ეშმაკეულთა.
დღეს, თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო ხშირად ვხედავთ ცოდვის ზეიმს, რაც ბევრი ადამიანისთვის დამაბნეველია, თუმცა ამან ხელი ვერ უნდა აგაღებინოს სიკეთის მსახურებაზე და ვერ უნდა გადაგახვევინოს მართალი გზიდან; ამ განსაცდელისგან თავდაცვის უნარს ჩვენში უზრუნველყოფს ის მორალური ღერძი, რომელსაც საყრდენად აქვს ჭეშმარიტად ქრისტიანული ღირებულებები; ეს ღერძი წარმოადგენს პიროვნების ერთგვარ სულიერი ხერხემალს.
წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო საყდარი, მღვდელთმთავრები, სამღვდელოება, მრავალრიცხოვანი მრევლი საქართველოს ეკლესიისა;
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი ძალა სიმართლეშია და არა სიმრავლეში.
ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა, სიყვარულია; მას არ სძულს, არ შურს, არ ძალადობს. აი, ამ ღმერთთან ნაზიარებ ადამიანებში იზრდება და ფართოდ ვლინდება ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, ურთიერთდაფასება და თუნდაც, ურთიერთატანა და ურთიერთდათმენა. ეს კი მხოლოდ ძლიერი რწმენისა და დიდსულოვნების მქონე ადამიანს შეუძლია.
მე ვლოცავ ჩვენს მონაზვნებს, დედა იღუმენია ანას, დედა ეფემიას, დედა ქეთევანს, ჩვენს უხუცეს მონაზონს - დედა ელისაბედს; გლოცავთ ყველა აქ მყოფთ და გისურვებთ სულიერ ცხოვრებაში გაძლიერებას და აღმასვლას.
დღემდე ბევრი რამ გაკეთდა აქ, დედები დიდად იღწვიან, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და იმედს გამოვთქვამ, რომ ერთგული მრევლი მზრუნველობას არ მოაკლებს ამ სულიერ სავანეს. თქვენთან ერთად ღმერთს შევავედრებ ამ მონასტრის ქტიტორს, ამირან შელიას და მისი ოჯახის წევრებს; ღმერთმა დალოცოს და სიხარული განუმრავლოს მათ. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ადამიანები.
დასასრულს კიდევ ერთ თემას შევეხებით;
ძალიან დიდია ადამიანების გონებაზე მედიასაშუალებების გავლენა. ისინი ძლიერ ზემოქმედებენ როგორც თითოეული ადამიანის, ასევე მთელი საზოგადოების განწყობებზე და შესაბამისად, დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, რომ თანამედროვე კომუნიკაციის ეს უნიკალური შესაძლებლობები გამოყენებული იყოს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სასიკეთოდ.
ის, რაც უახლოეს დღეებში მოხდა თბილისში, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე შემთხვევაა და შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დარჩეს ამ მოვლენის მიმართ, მაგრამ ასევე გონიერება და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ უნებლიეთ რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გაჩუმდე და ყველაფერს შეეგუო (არამც და არამც), მაგრამ ასევე არაფრის მომცემია ზღვარგადასული ემოციები.
ბილწსიტყვაობითა და უზნეობით კეთილი საქმე არ გაკეთებულა და არც გაკეთდება. საქმის კეთებას სჭირდება თავდადებული და მუხლჩაუხრელი შრომა, ბრძოლა, და (ბოლოსდაბოლოს) თავგანწირვა. გვესმის, რომ ძნელია ადამიანმა ზღვარი დაუდო ემოციებს, როცა რაღაც ძალიან გტკივა, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად ძალუძს შინაგან კულტურას და თვითკონტროლის უნარს, რაც მიღწევადი რამ გახლავთ, თუ ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე.
ადამიანი, რომელსაც აქვს შინაგანი კულტურა, თავის პოზიტიურ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც კი შეეხება: ხელოვნება იქნება ეს თუ პოლიტიკა, მეცნიერება თუ რელიგია და ა.შ. ცხოვრების ნებისმიერი სფერო. შინაგანი კულტურას კი ასაზრდოებს შინაგანი რწმენა და ღირებულებითი პრინციპები.
ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გვსურს რომ ჩვენი მამული ვიხილოთ უფრო დაცული, გაძლიერებული, განვითარებული, სადაც ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ექნებათ უსაფრთხო და საიმედო მომავალი.
გისურვებთ მარადგანახლებად აწმყოში ცხოვრებას და ნათელ მომავალს!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და ყველა ის ადამიანი, ვინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ტვირთის ქვეშ იმყოფება; ვლოცულობთ, რათა ღმერთმა მისცეს ყოველ მათგანს ის სულიერი კომპასი, რომელიც ნებისმიერ კრიტიკულ ვითარებაში დაეხმარება სწორი და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.
გახსოვდეთ, წუთისოფელში ყველაფერი დროებითი და წარმავალია! მარადიული ამ ქვეყნად არაფერია. მარადიული მხოლოდ ღმერთია!
ღმერთი სიყვარულისა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად სამყაროს!
ჩვენთან არს ღმერთი!