ხობში გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა აშენებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე მოეწყობა ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. პირველ ეტაპზე კოლხური ხოხბის მოშენება, ხოლო შემდეგ ბუნებაში გაშვება იგეგმება. ორნიტოფერმის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო. მერს ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომელმა კოლხური ხოხბის მოშენებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეეებით მდიდარი წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება.