ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, უკვე მეხუთედ განხორციელდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს 65 ცენტრალურ ბიბლიოთეკას, მათ შორის თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად 450 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ხობის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამართულ წიგნის ფესტივალზე ვაუჩერით სხვადასხვა დასახელების წიგნები შეიძინა. პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც. ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.