ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება (ვიდეო)



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ, სოფლის გაზიფიცირების პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში, 290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

️ ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს. მათ შორის იქნება სოფელი ძველი ხიბულაც, რაც ჩვენ გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი.
️ მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისას დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ „ქართუსთან,“ რომელიც სოფელში ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. „ქართუს“ თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს, რომ ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი.
️ მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას, ასევე ესაუბრა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე, რომლით სარგებლობაც თითოეულ მოსახლეს შეუძლია.