დავით კაკაბაძე და ხობის მონასტერი

დიდი ხელოვანი დავით კაკაბაძე (1889-1952) ფოტოგრაფიითაც ყოფილა გატაცებული. 1917 წელს ფოტოაპარატი შეუძენია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ დოკუმენტური ფილმის შექმნა განუზრახავს. დ. კაკაბაძემ, პირველად 1929-1930 წლებში ფოტოფირზე აღბეჭდა  მატერიალური კულტურის ძეგლები და ეთნოგრაფიული მასალა. ხელოვანის მიერ გადაღებული ფილმი საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწუნა და აკრძალა.
რეჟისორმა თემურ ცაავამ მოამზადა და გამოსცა მულტიმედიური კომპაქტური დისკი "აკრძალული ფილმების არქივი"(2003) მხატვარ დავით კაკაბაძის დაკარგული ფილმის "საქართველოს მატარიალური კულტურის ძეგლები" შესახებ. ამ დისკში შედის დავით კაკაბაძის მიერ გადაღებული ხობის მონასტრის ფოტოები.

ფოტო-ვიდეო მასალის მოძიების მიზნით დავუკავშირდი ბატონ თემურ ცაავას, რომელმაც ხობის მონასტრის შვიდი ფოტო მომაწოდა. ეს ფოტოები მრავალმხრივ არის საინტერესო და ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
1983 წლის 29 ნოემბრიდან  7 დეკემბრამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების 300-მდე ფოტო. გარდა ფოტოებისა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვა ნივთიერი მასალაც: კინოფირის გადანაჭრები და სამუშაო რვეული თავისი ჩანახატებით. მასალებიდან ირკვევა რომ დავით კაკაბაძეს, ფილმზე („საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“) მუშაობა 1931 წლისთვის დაუსრულებია. ექსპოზიცია მოეწყო თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების, უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრისა და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ინიციატივით. გამოფენაზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა, დღეისთვის დაკარგული კინოფირის ჩვენებამ.   ფილმის სცენარში ავტორი შემდგომში აყალიბებს ნაწარმოების მთავარ იდეას და სტრუქტურას: „ქვემორე აღნიშნული ეპოქები წარმოდგენილი იქნება როგორც სამოქალაქო, ისე საკულტო ძეგლებით. ძეგლები მოცემული იქნება: მდებარეობის დამახასიათებელი მხარეებით, ძეგლის გარეგანი და შინაგანი სახით, მოკაზმულობით, ორნამენტები, ბარელიეფები, ფრესკები. იმისათვის რომ ზოგიერთი ძეგლი უფრო დამაჯერებელი სახით იქნეს მოცემული, საჭიროა გამოყენებული იქნეს ძველი დროის ჩანახატები კასტელი მოგზაურობიდან (XVII ს.) და საქართველოს მუზეუმის ზოგიერთი ექსპონატი. ადგილების მიხედვით გადაღების გეგმა შემდეგი წყობით არის: მცხეთა, ქართლი, სამხრეთ ოსეთი, ახალციხის და  ახალქალაქის მაზრა, ქუთაისი იმერეთი, რაჭა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი. ტფილისის სამხრეთი-ბორჩალო, კახეთი“ (ეთერ ოკუჯავა, დავით კაკაბაძე და კინემატოგრაფია, „საბჭოთა ხელოვნება“, 1977, N 10).
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია დისკი (მხატვარ დავით კაკაბაძის დაკარგული ფილმი "საქართველოს მატარიალური კულტურის ძეგლები" შესახებ), რომლის გაცნობის შემდეგ შესაძლებელია ხობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მეტი მასალა აღმოჩნდეს.