ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს ანგელოზის დღე საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა მიულოცა


7 თებერვალს ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი  აღევლინა. 

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს  ანგელოზის დღე   საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ეპარქიის სამღვდელოებამ მიულოცეს.
    მეუფე გრიგოლმა  ქადაგებაში რწმენის  გაძლიერებაზე და ურთიერთ სიყვარულზე ისაუბრა და საქართველო წმინდანებს  შეავედრა.
   

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის დღესასწაულზე.

ჩვენთან არს ღმერთი! 
ქრისტეს მიერ საყვარელნო პატიოსანო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღეა ეკლესიის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ჩვენი ეპარქიის ცხოვრებაში და პირადად ჩემთვის, რადგან დღეს ეკლესია იხსენებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯს, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს, გრიგოლ ღმრთისმეტყველს, რომელიც მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა და უმძიმესი გზა განვლო; ეს იყო ძალიან რთული და დიდი ღვაწლით მოსილი გზა. ამ განსაკუთრებული ღვაწლისთვის, მისი ნიჭებისთვის, რომლებიც ეკლესიას ამსახურა, მას მიენიჭა ზედწოდება „ღმრთისმეტყველი“. ეკლესიამ ასეთი სამი იცის: იოანე ღმრთისმეტყველი, მახარებელი, იესო ქრისტეს მოწაფე, გრიგოლ ღმრთისმეტყველი და სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი.

ჩემთვის, როგორც უკვე გითხარით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (ეს დღე) რადგან, სწორედ მის კვალობაზე მეწოდა მე ბერად აღკვეცისას სახელი გრიგოლი. ეს იყო ორმაგად მოულოდნელი და სასიხარულო, რადგან პირველი განცდა, ადამიანური გრძნობებიდან გამომდინარე, იყო სიხარული, რადგან მამაჩემსაც გრიგოლი ერქვა, უფრო სწორად კი, გრიგოლი ჰქვია, ხოლო, მეორე მხრივ, ეს სახელი უკავშირდება უდიდეს ქრისტიან მოაზროვნესა და პიროვნებას, რაც ბევრს მავალებს.
სახელი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. პირველ რიგში, სახელი, თავისთავად, არის კონკრეტული შინაარსის მატარებელი, და ამ მხრივ, გრიგოლი მარად მღვიძარეს, მარად ფხიზელს ნიშნავს; მეორე განსაკუთრებული მხარე სახელისა არის ის, რომ კონკრეტული პიროვნების, ადამიანის, მოღვაწის კვალობაზე გენიჭება ეს სახელი და თავისთავად ცხადია, რომ რაღაც უხილავი კავშირი მყარდება შენსა და იმ ადამიანს შორის, ვის კვალობაზეც მოგენიჭა ეს სახელი. ხშირად ფიქრობ მასზე, იმ ღვაწლზე, იმ გზაზე, რომელიც მან განვლო.
შესაბამისად, გრიგოლ ღმრთისმეტყველთან მეც ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს და არა მარტო ვფიქრობ მასზე, არამედ რამდენადაც ეს ძალმიძს, განვიცდი ხოლმე შინაგანად იმ სიმძიმეებს, რომლებიც მის ცხოვრებას ახლდა. ეს იყო ეკლესიის თავდადებული მოღვაწე, ჭეშმარიტების დამცველი, ის იყო არა მხოლოდ მღვდელთმთავარი, არამედ მეცნიერი-ღმრთისმეტყველი, საეკლესიო მწერალი, დიდი მქადაგებელი, მჭევრმეტყველი და ამავდროულად - პოეტი, საოცარი მესიტყვე, რომელიც თავისი დიდი ნიჭით და ღვაწლით განადიდებდა ღმერთს. მას ისეთ დროს მოუწია ცხოვრება და მსახურება, როდესაც ეკლესია განსაცდელის წინაშე იდგა;
თქვენ იცით, რომ პირველ საუკუნეებში, ქრისტიანობის საწყის ეტაპებზე, ძალიან დიდი განსაცდელები იყო, რომელიც თვით სარწმუნოების ჭეშმარიტებათა აღქმას უკავშირდებოდა. იყო მწვალებლობები, დამახინჯება ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებებისა და ერთ-ერთი ასეთი გადაცდომა, მძიმე ცოდვა, მდგომარეობდა იმაში, რომ ამბობდნენ: რადგან მამისგან იშვება ძე, ესე იგი, იყო დრო, როცა ძე არ იყო, და ასეთი „ლოგიკა“ არასწორ წარმოდგენებს ქმნიდა და ამახინჯებდა ქრისტიანულ სწავლებას წმიდა სამების შესახებ; უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ასეთი დიფერენცირებული მიდგომა აკნინებს წმიდა სამების ერთ-ერთ ჰიპოსტასს, ძეს, რომელიც, წმიდა სწავლების თანახმად, არ ყოფილა დრო, როდესაც ის არ იყო. ის მარადის იშვება მამისგან, და თუ როგორ, რა სახით, ეს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია.
პიროვნება, რომელმაც ამ მიმართებით მწვალებლური აზრი შემოიტანა, იყო არიოზი, სასულიერო პირი, ალექსანდრიელი მღვდელი; ეს შეხედულება ძალიან ფართოდ გავრცელდა და სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქრისტიანულ სწავლებას. ამ დროს წარმოჩნდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი და მისი სიტყვის ძალა, რომელმაც უაღრესად საგულისხმო „ხუთი სიტყვა“ მიუძღვნა ამ თემას და წარუშლელი კვალი დატოვა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე გრიგოლ ღვთისმეტყველის ყოფნა ეპისკოპოსთა შორის დაპირისპირების საგანი გახდა. ამ მძიმე განსაცდელების წინაშე გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს:
„ - წმიდანო მწყემსმთავარნო! ... იცოდეთ, მე არც სიმდიდრე მიზიდავს, არც მაღალი თანამდებობა და პატივი, არ მსურს კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელი და დაუნანებლად ვთმობ“.
ამ ნაბიჯითაც კი მან განსაკუთრებული მაგალითი მისცა ადამიანებს რწმენის, სიყვარულის, ჭეშმარიტი გულშემატკივრობის, თავდადებისა და ქრისტიანული ერთობისა, ქრისტეს წიაღში სიყვარულის გამარჯვებისა, რადგან ჩვენ, ადამიანები, მთელი ცხოვრება რაღაცისთვის ვიბრძვით, რაღაცისკენ მივდივართ, ერთმანეთთან დაპირისპირება-კონფრონტაციაში შევდივართ, არა მარტო ადამიანები, თვით ეკლესიებიც კი! ჩვენ დღეს მეტად საშიში ფაქტის მომსწრენი ვართ: მსოფლიო მართლმადიდებლობა განსაცდელის წინაშეა! ჯერ არს, რომ გულწრფელად, მთელი რწმენით ვამბობდეთ, რომ ჩვენთან არს ღმერთი! და ეს სიტყვები ნამდვილად უნდა იყოს იმის აღმნიშვნელი, რომ მართლაც ჩვენთან არს ღმერთი და ჩვენ ვართ ღმერთთან!
მე ვმადლობ ღმერთს ყოველივესთვის, რაც მან მე მომაგო. ახლა მხოლოდ იმასღა ვფიქრობ, თუ რაი მივაგო მას, ყოველივესთვის, რაც მან მომაგო, - როგორც ამას დიდი, დავით მეფსალმუნე, მეფე და წინასწარმეტყველი იტყოდა! რა თქმა უნდა, მეც არაერთი სისუსტის მატარებელი, ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ, თუმცა პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო დიდი ტვირთის მატარებელი! და ეს განსაკუთრებული ვალდებულება მაკისრებს, რომ განსაცდელისა და საფრთხეების ჟამსაც კი შევეცადო, ჩემი მისიიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთქვა ის, რაც მიმაჩნია, რომ სწორია, რათა ჩვენს სამწყსოს მართალი, სწორი სიტყვა მივაწოდო. ვცდილობ, რომ ჩემი სათქმელი იყოს ემოციებიდან თავისუფალი, კარგად გააზრებული, სულიერ გამოცდილებასა და ხედვაზე დაფუძნებული. მიმაჩნია, რომ კონიუნქტურასა და სამართლიანობას შორის, ჩვენ სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ!
მიხარია, რომ დღეს ერთად ვილოცეთ და წარვსდექით ღმრთის წინაშე, ერთად განვადიდეთ დიდი წმიდანი და აღვავლინეთ ჩვენი სათხოვარი და სავედრებელი!
სიმბოლურია, რომ ჩვენს შორის ბრძანდება უკარინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იგორ დოლგოვი. მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში რთული პროცესები მიმდინარეობს; უფრო მეტიც, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება-არაღიარების საკითხმა დილემის წინაშე დააყენა ეკლესიები, რომლებსაც ღრმად აფიქრებთ მათ მიერ კანონიკური სამართლის გათვალისწინებით მისაღები გადაწყვეტილების მოსალოდნელი ფაქტობრივი შედეგები.
ჩვენ იესო ქრისტეს მოწაფეები ვართ და ის ჩვენი წინამძღვარია. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს. ურთიერთობა ღმერთთან, წმიდანებთან, საკუთარ სინდისთან, მუდმივი, უწყვეტი პროცესია და მე ვალდებულად ვრაცხ ჩემს თავს, რომ მღვდელთმთავრობის ტვირთი, რაც განგებამ დამაკისრა, შევეცადო, აღვასრულო იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც მე განვიცდი. და მე ღრმად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას; არ ვიტყვი, თუ რამდენად მძიმე ან მსუბუქია ეს ტვირთი, რადგან რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს, ღრმად მწამს, რომ ღმერთი ჩემთან არის; მე მას ვხედავ და ვგრძნობ; ამიტომ რა უნდა იყოს იმაზე უფრო დიდი იმედი და ნუგეში, როცა გრძნობ, რომ შენთან არს ღმერთი!
დღეს ჩვენ გრიგოლ ღმრთისმეტყველს შევავედრებთ ჩვენს სათხოვარს, სატკივარსა და იმედებს, რომ მისი ლოცვით კიდევ უფრო გავძლიერდეთ! განსაკუთრებით მე, თქვენს წინაშე მდგარი, ცოდვილი მღვდელთმთავარი, ჩემს მფარველ ანგელოზს წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველს მივმართავ თხოვნითა და ვედრებით, რომ მისი ლოცვა, შემწეობა, მღვდელთმთავრული კურთხევა მარადჟამს იყოს ჩემთან, ჩვენთან!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ.
ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ელჩთან ერთად ვიზიარებთ ყველა იმ წარმატებასა და სიხარულს, რომელსაც უკრაინა და უკრაინელი ხალხი მოუცავს და განვიცდით იმ ტკივილსა და მწუხარებას, რაც მათ სტკივათ და აწუხებს.
ბატონო ელჩო, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ თქვენ! ღმერთმა დალოცოს თქვენი მოღვაწეობა საქართველოში!
გლოცავთ თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს მობრძანდით ამ უძველეს მონასტერში; დიდად მახარებს თქვენი ნახვა; გისურვებთ წარმატებებს სულიერ ცხოვრებაში, წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების გაკეთილშობილების საქმეში.
ჩვენთან არს ღმერთი! 
07.02.2019.
ხობის მონასტერი.