ხობში, მსოფლიო ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს (ვიდეო)

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ნუგზარ წურწუმიას გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ნუგზარ წურწუმიას სპორტული კარიერის ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება გაიმართა.
ხობელი ფალავანისთვის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მოპოვებული ტიტული მიმდინარე წელს რიგით მეოთხეა. 




















































































ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს ხობში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას დღეს ხობში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია დაესწრნენ.
როგორც "პრაიმტაიმთა" საუბრისას ნუგზარ წურწუმიამ განაცხადა, მისთის გულშემტკივართა მხარდაჭერა დიდი პატივია. 
მისი თქმით, ის ოლიმპიური მედლისთვის მზადებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
"ეს წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ავიღე ოქროს მედალი, ღვთის წყალობით შევძელი და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, რაც პატარაობიდან მქონდა ოცნებად და ცხოვრების მიზნად. თურმე ძალიან ძლიერი და გულწრფელი გულშემატკივრები მყოლია. მაბედნიერებს ეს ფაქტი და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ყველა სპორტსმენის ოცნებაა ოლიმპიური მედალი და მე ამ გზის გასავლელად აუცილებლად მოვემზადები", - აღნიშნა ნუგზარ წურწუმიამ.
შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ ოქროს მედალი აიღო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ავტორი: მზეკო ჟვანია