ხეთაში სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი წლის ზღვის ზღარბი იპოვეს [ფოტო]

ხობის სოფელ ხეთის მცხოვრებ ლადო გელენავას მტკიცებით, მათ სახლში გაქვავებული ზღვის ზღარბი იპოვეს. ამბობს, რომ მამამისმა ის შემთხვევით ეზოში აღმოაჩინა დაფნართან, მიწის დამუშავების დროს.
„ჩემთვის ქვა იყო, რაღაც ძალიან უცნაური. მამაჩემმა იპოვა. მივხვდით, რომ უცნაურთან გვქონდა საქმე. მერე კომპეტენტურ ადამიანს ვაჩვენე, ინტერნეტშიც მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ეს არის რამდენიმე მილიონი წლის წინანდელი ზღვის გაქვავებული ზღარბი“, - გვითხრა მან.


ამბობს, რომ ზღარბი ჯერ სახლში დარჩება, ყველა დაინტერესებულ პირს უჩვენებენ, შემდეგ კი მოიფიქრებს დაიტოვებს, თუ გააჩუქებს. ხეთის მცხოვრებმა მისი არც რომელიმე მუზეუმისთვის გადაცემა გამორიცხა.

ხობის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს როზეტა შუალაიას განმარტებით, თავდაპირველი დათვალიერების შედეგად აღინიშნა, რომ ეს ზღვის ზღარბია, თუმცა მეტს ვერაფერს იტყვის მანამ, ვიდრე სპეციალისტები შესაბამის დასკვნას არ მოამზადებენ.



„ადგილზე რომც ვნახო, მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი. ჩვენები მივიდნენ, ნახეს. საბოლოოდ სპეციალისტების დასკვნას დაველოდებით. ვფიქრობთ, ერთი კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი, რა კონკრეტულ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე“, - უთხრა როზეტა შუალაიმ „ლაივპრესს“.
მისი თქმით, ხობი, მთლიანად კოლხეთის ტერიტორია და საქართველო „აღმოჩენების პოლიგონია“, სადაც სხავადასხვა უძველეს ნივთებს ხშირად პოულობენ.

მასალაში გამოყენებული ფოტოები ხობის მერიის პრესსამსახურს, ირაკლი შონიას ეკუთვნის.




ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!