ხობში „ცოტნეობა“ აღნიშნეს

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საკათალიკოსო სასახლეში პოეზიის საღამო გაიმართა. ტარიელ ხარხელაურმა, პეტრე კოლხმა, ლაშა გვასალიამ, ია ნანეიშვილმა, ბესარიონ ჩანქსელიანმა და დიკა სალაყაიამ საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
საკათალიკოსო სასახლეში მოეწყო ხატმწერ ქეთი ყურაშვილისა და თვითნასწავლ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.
„ცოტნეობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე  (ჭუაძე), საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ვიდეო



მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის ქადაგება
წმიდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს,
ხობის ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში
(12 აგვისტო, 2018 წელი).

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ! 
ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანნო მამანო, ძმანო და დანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, დღეს წმიდა ცოტნე აღმსარებლის ხსენებაა; გილოცავთ დღესასწაულს! ასევე, კვირაა დღეს; თქვენ იცით, რომ ყოველი კვირა დღე არის აღდგომის მომასწავებელი და ამ დღეს ჩვენ, ქრისტიანული ეკლესიის წევრნი, ვცდილობთ, რომ აუცილებლად მივიდეთ ღვთის ტაძარში და განსაკუთრებული სულიერი კრძალვით განვადიდოთ უფალი და მსხვერპლი ქებისა შევწიროთ სამყაროს შემოქმედს.
დღეს ჩვენ ტრადიციულად, წავიკითხეთ წმიდა სახარება, რომელშიც მოთხრობილია იგავი იმის შესახებ, რომ ბატონმა შეიბრალა თავისი მონა და აპატია მთელი ვალი, რაც კი ემართა ბატონისადმი; ხოლო მონამ, თავის მხრივ, არ დაინდო თავისი მოვალე, დაასმინა და საპყრობილეში ჩააგდო, ვიდრე სრულად არ გადაიხდიდა, რაც კი ემართა. შედეგად რას ვხედავთ? ეს ამბავი გაიგო ამ მონის ბატონმა, დაიბარა იგი და ეუბნება: - მონავ ბოროტო, მე რომ მთელი ვალი გაპატიე, განა შენ არ გმართებდა შეგეწყალებინა შენი მოვალე? ამის შემდეგ ეს ადამიანი სატანჯველად გადასცა ჯალათებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაიხდიდა (მთ. 18, 23-35). ძალიან მარტივად და გასაგებად გვასწავლის და შეგვაგონებს წმიდა წერილი, შენ რომ გპატიობენ, შენც უნდა აპატიო, თუ არა, მძიმე ხვედრი გელოდება, ფუჭი აღმოჩნდება მთელი შენი ცხოვრება. შეუძლებელია და წარმოუდგენელი, ადამიანი მხოლოდ ითხოვდე და არას გასცემდე. შენდობა, პატიება, დახმარების გაწევა და ა.შ. (ყოველივე ეს მოწყალების სახეებია) არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ადამიანის სულიერი ცხოვრებისა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველ ჟამს ვქადაგებთ და რაზედაც ყურადღებას ვამახვილებთ, რადგან შენ მიერ სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებათა აღსრულება, ქმნის შენს ქრისტიანულ სახეს, შენს პორტრეტს; სიყვარულის, თანადგომის, მხარდაჭერის, მოწყალების, ქრისტესთვის თავდადების გარეშე, ეს პორტრეტი არის დაუსრულებელი და ე.ი. უსახური.
დღეს გვსურს ერთი განსაკუთრებული პიროვნების შესახებ გესაუბროთ: ეს არის ჩვენი თანამემამულე და წინაპარი, ცოტნე დადიანი, წმიდა ცოტნე აღმსარებელი, საქართველოსთვის თავდადებული. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განსაკუთრებული პატივი მიაგო მას და 1999 წლის 26 ოქტომბერს წმიდა სინოდის კრებაზე მოხდა ცოტნე დადიანის წმიდანად აღიარება (ანუ კანონიზაცია). 
კანონიზაციამდე ბევრად ადრე, საუკუნეთა განმავლობაში, ჩვენთა წინაპართა თაობები იზრდებოდა იმ ამბის ფონზე, რასაც ცოტნე დადიანის გმირობის, ვაჟკაცობის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და თავდადების, მეგობართა მიმართ ერთგულების ამბავი ჰქვია. მართლაც იშვიათი და სამაგალითოა ამბავი ცოტნე აღმსარებლისა, რის გამოც მისმა სახელმა ასე დიდებულად და ამაღლებულად მოაღწია ჩვენამდე. ცოტნეს მეგობრები, ქართველი თავადები, ის ადამიანები იყვნენ, ვინც სამშობლოს დახსნისათვის, მისი განთავისუფლებისათვის კოხტას თავს შეიკრიბნენ და ბჭობდნენ. და, აი, როდესაც მონღოლებმა შეიტყვეს ქართველ დიდებულთა შეთქმულების შესახებ, დაატყვევეს ისინი, მაგრამ მათ შორის არ აღმოჩნდა ცოტნე დადიანი; როგორც კი ამ ამბავს შეიტყობს ცოტნე, მიეშურება იქით, სადაც მისი თანამებრძოლები ჰყავთ დატყვევებული და მზად არის გაიზიაროს მათი ხვედრი. ცოტნეს თავგანწირვა უმაღლესი ზნეობრივი მაგალითია, რამაც თვით დამპყრობელიც კი მოხიბლა; - ჩემი ძმები თუ დამნაშავენი არიან, მეც მათთან ერთად დამნაშავე ვარ, ისინი არაფერს ცუდს არ განიზრახვიდნენ, - ამბობს იგი, და ეს საქციელი საფუძველი გახდა იმისა, რომ დატყვევებულები გაათავისუფლეს და ეს დღე ისეთი ღირსახსოვარი შეიქნა და ამ მოვლენას ისეთი საოცარი ძალა აღმოაჩნდა, რომ საუკუნეთა განმავლობაში იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მოყვასისადმი ერთგულებისა და სამშობლოსათვის თავდადების საოცარ იდეალად იქცა.

კაცთა მოდგმის ისტორია (და არა მხოლოდ საქართველოს ისტორია), აღბეჭდილია მუდმივი ჭიდილით სინათლესა და სიბნელეს, სიკეთესა და უკეთურებას, სიყვარულსა და უსიყვარულობას შორის. ეკლესიის ცხოვრებაც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი; დღეს ჩვენ წავიკითხეთ ეპისტოლე ეფესელთა მიმართ, სადაც მოციქული პავლე ბრძანებს შემდეგს:
„...არა არს ბრძოლაი ჩუენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლისა მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისა, სულთა მიმართ უკეთურებისათა,
რომელნი არიან ცასა ქუეშე“ (ეფ. 6,12).

ძალიან დამაფიქრებელია მოციქულის ეს სიტყვები და უმალ გვიჩნდება კითხვა, როგორ და რანაირად უნდა გავართვათ თავი ბნელეთის სასტიკ და მზაკვარ ძალებთან დაპირისპირებას. ამასთან დაკავშირებით ბრძენი პავლე გვმოძღვრავს:
„შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი, რაითა შეუძლოთ თქუენ
წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისაითა“ (ეფ. 6,11).

ეშმაკის მანქანება არის ყოველივე ის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობს ადამიანი მოხიბლოს თავისი თავით ან სასოწარკვეთილებისკენ უბიძგოს, სხვისსა სიკეთეზა ზედა დაამწუხროს და ა.შ. აცდუნოს, რათა ფეხი დაუცდეს და დაიღუპოს; სწორედ იმისთვის დააფუძნა უფალმა თავისი ეკლესია, და დაუდგინა მწყემსნი კეთილნი, რომ მუდამ მოგვიწოდებდნენ, გვაფრთხილებდნენ, გვაფხიზლებდნენ, რათა არ ვცდუნდეთ და დაცულნი ვიყოთ ეშმაკის მანქანებისაგან.
აქ ჩვენ გვახსენდება წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გაფრთხილება, რაც უაღრესად საგულისხმოა:

„ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ (1 ინ. 5,19).
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ეპისტოლედან მოტანილ ამ ციტატაში არის ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც მუდამ უნდა გახსოვდეს:
პირველი - „ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ“, რაც ჩვენში აღძრავს იმედს და პასუხისმგებლობას;
მეორე - „ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას“, რაც არის გაფრთხილება, რათა ბრმად არ მივენდოთ სოფლის შეთავაზებას.

შესაბამისად, ის საფუძვლები, რასაც ამსოფლიური, დროებითი და წარმავალი ყოფა ეფუძნება, ადამიანისთვის საფრთხეების შემცველია და, ამიტომაც, მოციქულთაგან და მათი მემკვიდრეებისაგან მუდამ გაისმის გაფრთხილებაც და გამხნევებაც;
- თუ შროშანიც კი, ეს ველის ბალახი, ისეთი საოცარი დიდებულებით შეამკო უფალმა, რომ თვით მეფე სოლომონიც კი არ შემოსილა მსგავსად, და ასე იზრუნა ღმერთმა მასზე, რაც ხვალ უნდა გახმეს და თონეში დაიწვას, დაფიქრდი, რაოდენ უფრო ზრუნავს იგი ადამიანზე, რომელიც მარადიული ცხოვრებისთვის არის შექმნილი (მთ. 6,30). 
იმისთვის, რომ „წუთისოფლის თავადისგან“ საიმედოდ ვიყოთ დაცულნი, პავლე მოციქული გვეუბნება:

„...აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაი,
რაითა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა,
და ყოველსავე იქმოდეთ, რაითა სდგეთ“ (ეფ. 6,13).

საინტერესოა, რას წარმოადგენს ღმრთის საჭურველი?
ამასაც თვით განმარტავს წმიდა პავლე;
საჭურველი ღმრთისა არის:
- ჭეშმარიტება („მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა“ (ეფ. 6,14) ანუ როგორც ქამარს შემოირტყამს ადამიანი, მსგავსადვე შეიმოსეთ ჭეშმარიტება და თავი მოიყვანეთ წესრიგში).
- სიმართლე („...შეიმოსეთ ჯაჭვ იგი სიმართლისაი“ (ეფ. 6,14) - ე.ი. იყავით სიმართლის ერთგული, მას ემსახურეთ და ვითარცა ჯავშანი, ის დაგიცავს ბოროტთან დაპირისპირებისას).
- მუდმივი მზაობა მშვიდობის სახარებლად („და შეისხენით ფერხთა თქუენთა განმზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისაითა“ (ეფ. 6,15) - ანუ მუდმივ მზადყოფნაში იყავით, რათა მშვიდობა ახაროთ ადამიანებს).
- რწმენა („ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაი, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად“ (ეფ. 6,16); ე.ი. რწმენის ფარით შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობასო, ამბობს წმიდა პავლე; რწმენა, ვითარცა ფარი დაგიცავთო ცილისწამების, ბოროტი სიტყვის, უსამართლობისა და სხვა სახის ბოროტი შემოტევებისგან, და დაგეხმარება, რომ მტკიცედ დაიცვა თავი ღმერთისადმი ერთგულებაში).
- ღმრთის სიტყვა („ჩაფხუტი იგი ცხოვრებისაი და მახვილი სულისაი, ესეც საჭურველი ღმრთისა, რომელი იგი არს სიტყვაი ღმრთისაი“ (ეფ. 6,17) - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვთის საჭურველთაგან არის სიტყვა ღმრთისა. ამაზე ბასრი იარაღი არ არსებობს. ღვთის სიტყვის მსახურება არ არის მხოლოდ სასულიერო პირთა ვალდებულება, არამედ თითოეული ადამიანია მოწოდებულნი იმისთვის, რომ იყოს ღვთის სიტყვის სამსახურში, სიტყვისა, რომელიც არის გულთა მპყრობელი; სიტყვა, რომელიც არა მხოლოდ ჰაერს არხევს, არამედ შეძრავს ადამიანის გონებას, ცვლის სამყაროს. ეს არის სიტყვა, რომლის წყაროც არის თვით ღმერთი).
- ლოცვა („ყოვლითა ლოცვითა და ვედრებით ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთვის იღვიძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათვის და ჩემთვისცა“ (ეფ. 6,18-19)).
ყოველივე ზემოჩამოთვლილი არის საჭურველი ღმრთისა!

დღეს, როცა წმიდა ცოტნე აღმსარებლის ხსენებას აღვასრულებთ და მის შესახებ ვსაუბრობთ, სავსებით ბუნებრივია, რომ ვიფიქროთ ცოტნეს ქმედების შინაარსზე; ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ეყრდნობოდა მისი მტკიცე გადაწყვეტილება მონღოლებთან მისულიყო დატყვევებული ძმების გამოსახსნელად, რაც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ, არ იყო ადვილი. აქ ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ცოტნეს გადაწყვეტილება, უწინარეს ყოვლისა, ეყრდნობოდა ღვთისადმი მტკიცე რწმენას და მამულისა და მოყვასისადმი უზომო სიყვარულს. ეს არის ის ორი მცნება, რაც წმინდა წერილში გამორჩეულად არის ხაზგასმული: სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა.
„შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა
და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი. და მეორე, მსგავსი ამისი:
შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და
წინაისწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“. (მთ 22. 37-40).

ამ ორ მცნებაზე დგას ყოველი სწავლება და წესი სულიერი ცხოვრებისა. ეს არის ორმაგი რწმენითი პასუხისმგებლობა, წინაშე ღმრთისა და მოყვასისა.
სამშობლოს განცდა განუზომლად ბევრს გვავალებს ადამიანებს. დაე, ჩვენი ცხოვრება იყოს სიყვარულის მსახურება და მადლიერების გამოხატულება იმ წინაპართა მიმართ, რომელთა წყალობით, დამსახურებით, ბრძოლით, თავდადებით, ლოცვით და მსხვერპლად შეწირვითაც კი, შეგვიძლია, რომ ვიცხოვროთ აწმყოში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ვიზრუნოთ მასზე, გავაუმჯობესოთ, გავაძლიეროთ იგი და ჯანსაღი მემკვიდრეობა დავუტოვოთ ჩვენს შთამომავლობას.
წმიდა ცოტნე აღმსარებლის დღესასწაულს ვულოცავთ საქართველოს საპატრიარქო საყდარს და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდს!
წმიდა აღმსარებელისა და საქართველოსთვის თავდადებული ცოტნე დადიანის მეოხება შეეწიოს მისგან შეყვარებულ საქართველოს, ამინ!
ხობის მონასტერი (ნოჯიხევი).
12 აგვისტო, 2018 წელი.