ახალსოფელში ლურჯი მოცვის პლანტაცია შენდება (+ვიდეო)

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შპს „აგრო ხარება“ 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაციას აშენებს. პროექტი,  პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პლანტაცია მოეწყობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და დამონტაჟდება თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა. სამუშაოზე დასაქმებულია 70 ადგილობრივი მუშახელი.
  ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. 
თანადაფინანსება ხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:
ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი 
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი 
ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც ნერგების შეძენის , ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.ფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70% და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50%
სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული დასაფინანსებელი ღირებულების არაუმეტეს 50%-ს.(ვრცლად პროგრამის შესახებ იხ.ბმული:http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent)