მერი ძველი ხიბულისა და ახალი ხიბულის მოსახლეობას შეხვდა

7 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ძველი ხიბულისა და ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. პირველ რიგში ქალბატონებს ვულოცავ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. დღეს, ვიწყებთ შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა. ჩვენ მზად ვართ დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და ვუპასუხოთ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს. განსაკუთრებით მინდა შევეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიას, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა). მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება  მონიტორინგი, სახელმწიფო  შეიძენს 100 ათასზე მეტ ფერომონს და 120 ერთეულ მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკა) ავტომობილს“ - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მერმა.
შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე სახელმწიფო და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.
შეხვედრებს სისტემური ხასიათი ექნება და მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდება და უშუალოდ მათგან მოისმენს წინადადებებსა და ინიციატივებს დასახლებისათვის აქტუალურ საკითხებზე.