ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა ეპარქიის სამწყსოსადმი

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანნო მამანო, ძვირფასო სულიერნო შვილნო, შეგეწიოთ კვირის მადლი.

დიდმარხვის მესამე კვირაა დღეს და ყველა მოქმედ ტაძარში დაბრძანებულია პატიოსანი ჯვარი; იგი ყვავილებით არის შემკული და მის მიმართ აღესრულება საყოველთაო თაყვანისცემა. ამით ეკლესია ყველას, ვინც მარხვის ღვაწლშია და არა მხოლოდ მათ, გვახსენებს ჯვრის გამომხსნელობითი მნიშვნელობის შესახებ, რათა გავძლიერდეთ და განვმტკიცდეთ არჩეული გზისადმი ერთგულებაში. ჯვარი ხომ ცოდვათაგან კაცთა მოდგმის გამოხსნის, სიმდაბლის, გადარჩენისა და ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა.

ჯვარი მიგვანიშნებს იმ გზაზე, რომელიც წუთისოფელში განვლო ჩვენთვის განკაცებულმა იესომ. იგი ხომ ყოველთა ქრისტიანეთა წინამძღვარია; შესაბამისად, ჩვენი მოძღვარია. ჰოდა, რაგინდ მოუძლურდე, თუნდაც ჩაიმუხლო ან წაიქცე კიდეც, მიაპყარი შენი მზერა, ფიზიკური და სულიერი, ჯვარზე ამაღლებულ მაცხოვარს და წაქცეულს - წამოდგომის ძალა მოგეცემა, სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფი - იმედით აღივსები, უსამართლოდ დევნილი -გამხნევდები, დაღლილ-დაქანცულს - ახალი სუნთქვა გაგეხსნება.


მართალია თითოეულ ადამიანს თავისი გოლგოთა აქვს გასავლელი და აქ გვერდის ასაქცევი გზები არ არსებობს, მაგრამ არ შეგაშინოს გზის სიძნელემ. გახსოვდეს: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკ. 9,23). ჭეშმარიტ მორწმუნეებს განსაკუთრებით გამოარჩევს ჩვენი დიდი მეუფისა და მაცხოვრის - იესო ქრისტეს გზისადმი ერთგულება. დღეს, განსაკუთრებული სიმძაფრით ჩაგვესმის ჩვენი მოძღვრის, იესო ქრისტეს სიტყვები: „თუ ვინმეს სურს, რომ მე მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე“ (მკ. 8,34.). დღეს ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა არათუ ფიქრის, არამედ მოქმედების დროა.

განვაგდოთ უიმედობა, მოწყენილობა, შიში და იმედით შევხედოთ ხვალინდელ დღეს; გავძლიერდეთ სულიერად, რწმენით შევხედოთ ჯვარცმულ იესოს და „გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს“ (1 პტ. 4,13.), გიხაროდეთ, რადგან „თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი“ (ლკ. 10,20).

გვსურს შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს:
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულეთ პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის მიმართ საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, მოვინახულეთ და, ამის უთქმელობა არ ეგების, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე ამ შეხვედრამ; იქ მოსმენილმა ღრმად ჩაგვაფიქრა არაერთ საკითხზე, არაერთ ადამიანზე, ეკლესიის მდგომარეობაზე. დეტალებში არ შევალთ და ვერ შევალთ, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რაოდენ ღრმა განსაცდელშია ჩვენი ადგილობრივი ეკლესია; განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ ეს ხდება იმ ავტორიტეტისა თუ მაღალი რეიტინგის ფონზე, რაც ეკლესიის მიმართ არსებობს და რაც თავისთავად კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რამდენადაც მის მიმართ არსებობს დიდი მოლოდინი.

მე ამას გეუბნებით თქვენ, ჩემს სულიერ შვილებს, რადგან თქვენგან წამოსული არაერთი კითხვა, წუხილი, შეშფოთება მაფიქრებინებს, რომ დაბნეულნი ხართ და ჩვენგან ელით პასუხებს, ნუგეშს, იმედსა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, თქვენს მიერ გამოცხადებული მაღალი ნდობის გამართლებას. წინ გველოდება დიდი გამოცდა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის რწმენისთვის იქნება ერთგვარი ტესტი.

სამწუხაროდ, ე.წ. ციანიდის საქმე არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ქმნის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა. ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ამის ართქმაც არ შეიძლება. და ვამბობთ კი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით „უმტკივნეულო“ და „ეფექტური“ გზები. მათ დაძლევაზე დამოკიდებულია ეკლესიის და თვით ჩვენი ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი.

რაჟამს ღმერთმა შექმნა სამყარო, ხილული და უხილავი, შექმნათა საქმე მან განასრულა ადამიანით, რომელიც არის ღვთაებრივი შემოქმედების გვირგვინი, და დაასახლა იგი სამოთხეში. ადამიანი, რომლის ცნობისმოყვარეობაც გონიერების საზღვრებს გასცდა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა; იგი განდევნილ იქნა სამოთხიდან, თუმცა ღმერთმა მას დაუდგინა გზა, კანონები და სამღვდელოება, რაც მას დაეხმარებოდა დაკარგული თავის პოვნაში.

ამ გზაზე, სულიერი აღმასვლის კიბეზე, საკმაოდ რთული გზა გამოიარა საქართველოს ეკლესიამ და დღემდე თუ მოვიდა, ამაში ძალიან დიდი და აღუწერელი ფასია გადახდილი;

სწორედ დღეს, ამ მდგომარეობაში, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამაში განსაკუთრებით დიდია იმ ქართველ სასულიერო პირთა ღვაწლი, რომლებმაც თავიანთი მოწამებრივი ცხოვრებით გადაარჩინეს ჩვენი ეკლესია და სარწმუნოება. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: ღირსი გაბრიელი (ქიქოძე) - იმერეთის ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ღირსი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მღვდელმოწამე ნაზარი (ლეჟავა) - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმოწამე სიმონი (მჭედლიძე) - მღვდელი, მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) - არქიმანდრიტი, და სხვანი და სხვანი.

დღეს, ჩვენი ერისა და ეკლესიის ძნელბედობის ჟამს, სწორედ მათი დიადი სულიერი ცხოვრება უნდა დავისახოთ სანიმუშო მაგალითად და ამით შევებრძოლოთ კარსმომდგარ ებედურებას, უიმედობა რომ ჰქვია! მათი ცხოვრება და ღვაწლი გვიჩვენებს, თუ რაოდენი ძალაა ჩვენში დაფარული, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი - როგორი გაფრთხილება სჭირდება მსხვერპლის ფასად მოპოვებულს თუ ღვთისგან ნაწყალობევს.

მსურს დაგარწმუნოთ, რომ ეკლესიაში ნამდვილად არის საკმარისი ინტელექტუალური რესურსი და სულიერი პოტენციალი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს არსებულ საფრთხეებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე რომ არ აღმოჩნდეს, მთიდან მართლაც დაგორდება ის „ლოდი“, რომლის შესახებაც მისმა უწმიდესობამ საქართველოს საპატრიარქოში 9 მარტს ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და მისი შეჩერება მართლაც შეუძლებელი გახდება.

და ბოლოს:
ძვირფასო სულიერნო შვილნო, ძვირფასო სამწყსოვ, მარხვა გრძელდება; ნახევარი გზა გავლილია; გამხნევდით, ლოცვითა და მარხვით მოვიკრიბოთ სულიერი ძალები, გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვები და ღვთის მაცხოვნებელი მადლით გაძლიერებულებმა ვადიდოთ შემოქმედი ჩვენი. ბრწყინვალე აღდგომის მოლოდინში, ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე მდგომმა, ერთად მივმართოთ უფალს:

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი;
ძლევაი ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე,
და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ,
რათა ვიტყოდეთ - უფალო, დიდება შენდა!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღმრთისა მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა,
იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

11 მარტი, 2018 წელი.
ჯვრის თაყვანისცემა
ფოთის საკათედრო ტაძარი.