საინტერესო წიგნები ხობის შესახებ

საინტერესო წიგნები ხობის შესახებ  (,,ხობის სიძველენის" და ,,ყულევის" გამო)
დიდი საჩუქარი მიიღეს ხობელებმა წინასაახალწლოდ. 
ისტორიკოსმა და მკვლევარმა გოგიტა ჩიტაიამ შესანიშნავი წიგნი გამოსცა ''ხობის სიძველენი". ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები: წიგნი დააფინანსა ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, ამისთვის დიდი მადლობა მათ. თუ არ ვცდები ეს ბატონ გოგიტას მეექვსე წიგნია (მას რომ ჰკითხო, სწორ პასუხს მაინც ვერ მიიღებ, არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი).
წიგნის რედქტორია ანზორ სიჭინავა, რეცენზენტები ედიშერ გვენეტაძე-ისტორიის დოქტორი, პროფესორი. რევაზ პაპუაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი. წიგნი დაიბეჭდა სტამბა ,,საარში". 
წიგნი შედგება შემდეგი თავებისგან: ხობის მონასტერი; ეკლესიები; ციხე კოშკები და სხვა ნაგებობები; ნაეკლესიარები; საფლავის ქვები; მუზეუმები; არქეოლოგიური ობიექტები; აფხაზეთის კათოლიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ,,წყალობის წიგნი" შუშანიებისადმი და გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა.
წიგნის წინათქმაში ვკითხულობთ: ,,ხობის ,,წინაპრების მიერ შექმნილ კულტურულ მემკვიდრეობას მოვლა-პატრონობა და დაცვა სჭირდება, სხვანაირად ის ვერ იქნება ხელმისაწვდომი შთამომავლობისთვის. წარსულში ბევრი ტაძარი, ციხე-კოშკი და სასახლე დაინგრა, განადგურდა. სიძველეებს საფრთხე დღესაც ემუქრება. ჩვენი ვალდებულებაა მათი დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა".
შემდეგ ავტორი ძალიან საინტერესო მონაცემებს გვაწვდის. ,,რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად აღვრიცხეთ კულტურული მემკვიდრეობის 275 ობიექტი, აქედან ეკლესია-16, ნაეკლესიარი-31, ციხე-კოშკი და სხვა ნაგებობა 21, არქეოლოგიური ობიექტი 207, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აღრიცხულია" გეთანხმებით ბატონო გოგიტა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენს მიერ დაწყებულ საქმეს გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ვიხილავთ კიდევ ერთ საინტერესო წიგნად. 
წიგნში ასევე საინტერესოდ იკვეთება თავი ,,ხობის მონასტრის შესახებ". მონასტრის ისტორია ავტორს ბევრი ახალი მონაცემით შეუვსია. თემა ,,ხობის მონასტერი" ძველთაგანვე იზიდავდა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომლოცველებს, მეცნიერებს, მოგზაურებს. არ ცდება ავტორი, რომელმაც 1899 წლის 3 სექტემბერს გაზეთ ,,ცნობის ფუირცელში" ხობის სალოცავს ,,სამეგრელოს ძველთა-ძველი საიმაყე მონასტერი უწოდა". ბევრ სადავო საკითხს დაესვა წერტილი. ერთ საგაზეთო წერილში გოგიტა ჩიტაია ,,ხობის შლიმანად" მოვნათლე, ჩვენი უფროსი მეგობრები დემურ ბუკია და დათო ჭოჭუა შემეცილნენ და ის ხობის ,,ექვთიმე თაყაიშვილად'' გამოაცხადეს. ბოლო პერიოდში ბატონმა გოგიტამ წვერი მოუშვა და დიდ ერისკაცს ,,პავლე ინგოროყვას'' მივამსგავსე (ისე ძალიან უხდებოდა).
ყველა დამეთანხმება, რომ ამ ეპითეტებს ბატონი გოგიტა ჩიტაია ნამდვილად იმსახურებს. ხოლო ვინც ეს დიდებული წიგნი წაიკითხა მათთვის ნათელია, რომ ხობსა და ხობელებს, მომავალ თაობებს ავტორმა დიდი საგანძური შეგვიქმნა.
და ბოლოს ისტორიკოსები, არქეოლოგები და დარგის სპეციალისტები მომავალში კიდევ ერთხელ სათანადო სიტყვას იტყვიან-ამ დიდებული ნაშრომის შესახებ.
აქვე ვიტყვი, რომ ამ სტატიას არა აქვს წიგნის რეცენზიის პრეტენზია, ეს უბრალოდ სამადლობელი წერილია ბატონ გოგიტა ჩიტაიას მიმართ.
ვიდრე გაზეთის პერიოდულობის გამო ეს სამადლობელი წერილი დღის შუქს იხილავს სულ ახლახან ქართველმა მკითხველმა და ისტორიით დაინტერესებულმა მკითხველმა დიდი საჩუქარი მიიღო. განსაკუთრებით ხობელმა საზოგადოებამ. გამოვიდა ავტორთა ჯგუფის რევაზ პაპუაშვილის, გოგიტა ჩიტაიას, იოსებ პაპუაშვილის ,,ყულევი". ისევე როგორც გოგიტა ჩიტაიას წიგნი ,,ხობის სიძველენი" ამ მონოგრაფიაშიც სოფელ ყულევის მატერიალური კულტურის ის ძეგლებია თავმოყრილი, რომელთა ფიქსაცია და შესწავლა საუკუნის ბოლოდან დაიწყო. განხილულია გეოგრაფიული გარემო, საინტრერესო წყაროები და არქეოლოგიური კვლევის ისტორია.
წიგნის რედაქტორია ლერი ჯიბლაძე-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რეცენზენტი გურამ ჩიქოვანი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დიმიტრი ახვლედიანი- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი.
ნაშრომი დაიბეჭდა ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მორალური და ფინანსური მხარდაჭერით.
ნაშრომი კოლხეთის ისტორიით, არქეოლოგიით და ზოგადად, ამ მხარის წარსულით დაინტერესებული საზოგადოებისთვისაა გათვალისწინებული და როგორც ყველა წინამდებარე ნაშრომი დიდ მოწონებას იმსახურებს.
დიდი სიყვარულით ბეჟან ნადარაია.