შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“ ხობის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტს - „საქართველოს რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით” ახორციელებს. პროექტის შესაბამისად, ახალი ხიბულისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხი მოწყობილობა; ხოლო, ხეთისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე შვიდი წყალგამაცხელებელი კოლექტორი. ორგანიზაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავდნენ და მათ, პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე აწვდიდნენ ინფორმაციას. „მწვანე მომავალი“ პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.