გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია ხობში

ხობის მუნიციპალიტეტი შეუერთდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერება. კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ორგანიზებულ იქნა შეხვედრა საზოგადოებასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დამსწრე საზოგადოებას, გენდერული თანასწორობის საკითხებში ხობის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მხრიდან მიეწოდა ინფორმაცია გენდერული ძალადობის შესახებ, ასევე - ძალადობის შემთხვევაში მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებადი ცხელი ხაზის (116 006) და იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა კლიპები, რომლებიც ძალადობის თემაზე შეიქმნა, მათ შორის - ქ. ხობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლი, რომელმაც პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში გამოცხადებულ ვიდეო კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზე გავიდა.