რეზერვისტი დათა ხურცილავა


მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
ძმის გადასარჩენად გარბოდა, ბომბის ნამსხვრევი რომ მოხვდა…
მტერი სენაკის ბაზას ბომბავდა. ბიჭები მიწას გაერთხნენ, მასაც უყვიროდნენ „დათა, დაწექი!“ ის არ დაწვა – რა  დავწვე, დაჩის ვერ ვპოულობო, უმცროსი ძმის ძებნა განაგრძო და… ბომბის ნამსხვრევი მოხვდა კიდეც იმ წუთას. ძმების მამა, რომელიც ბაზის კართან იდგა, ბაზაზე შეიჭრა თავზარდაცემული. პირველად დაჩი იპოვა – მძიმედ დაჭრილი, დათას საძებნად გავარდა და…  მიაგნო… მკვდარ შვილს უხდიდა ბოდიშს – მაპატიე, აქ რომ გტოვებო… დაჩისთან დაბრუნდა გადასარჩენად…
დათო ხურცილავა სიცოცხლით სავსე, 22 წლის ბიჭი იყო… ომის დაწყებისთანავე გულანთებული  გავარდა რეზერვში.
დაიბადა ხობში 1986 წლის 16 თებერვალს. დედა, ნინო ბულია გაიხსენებს, როგორ ბრუნდებოდა ღონიერი და მოუსვენარი დათა ყოველდღე სკოლიდან დასვრილი და პერანგდახეული. „ძალიან ცელქი იყო, უფროსკლასელებთან ჩხუბობდა თურმე… მეექვსე კლასიდან საეკლესიო სკოლაში გადავიყვანეთ, გამოიცვალა, დადინჯდა, გაკვეთილებს არ აცდენდა, კარგი მოსწავლე იყო.  თავისზე უფროსებთან მეგობრობა უყვარდა…“
დაჩი, ძმა: „ძალიან მოუსვენარი, ჯანმრთელი და ენერგიული იყო. ძალიან ალერსიანი, მოსიყვარულე,  მოფე­რება უყვარდა და ეს თვისება სიცოცხლის ბოლომდე გამოჰყვა. ნიჭიერი და მიზანდასახული იყო, ბაღში ზეიმები რომ იყო, ყველას ლექსები ზეპირად იცოდა, ახლაც ყურში ჩამესმის მისი ხმა… სკოლაში მათემატიკის კარგი ცოდნით გამოირჩეოდა. ამიტომაც დაისახა მიზნად ეკონომისტი გამხდარიყო და მიაღწია კიდეც. ეხერხებოდა ხაზვა. უმაღლესი  სასწავლებლის   მასალებს  აძლევდა მას­წავ­ლებელი დასახაზად. მშვენივრად აკეთებდა ყველაფერს და მაღალ შეფასებებს იმსახურებდა. გახარებული მიჩვენებდა შეფ­ასებულ ნამუშევრებს. ახლა მაგის დათვალიერება ჩემთვის ჯოჯოხეთია…“